საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის განმტკიცება მადრიდის სამიტის მომზადებისას განხილვის თემა იქნება. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინული მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ ჯერ ადრეა იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ რა სახის გადაწყვეტილებებს მიიღებენ ლიდერები მომავალ სამიტზე. მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მოკავშირეები განაგრძობენ ადრე მიღებული გადაწყვეტილების - ჩვენი ახლო პარტნიორების - საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ჩვენ ასევე ვეთანხმებით ჩვენს გადაწყვეტილებებს, როდესაც საქმე ეხება NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებებს. ჩვენ გავაგრძელებთ პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლა.
მივესალმები იმ ფაქტს, რომ NATO-ს მოკავშირეები, როგორც ალიანსის ფარგლებში, ასევე ორმხრივად უზრუნველყოფენ მხარდაჭერას და ამით ეხმარებიან როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს. მე შევხვდი უკრაინის პრეზიდენტს რამდენიმე კვირის წინ, ნიუ იორკში.
ჩვენ ვანვაგრძობთ ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის განმტკიცებას როგორც უკრაინასთან, ასევე საქართველოსთან. ეს იქნება საკითხი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ მომავალი, მადრიდის სამიტისთვის მომზადებისას“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.