მთიანი ყარაბაღი უნდა იყოს შემახსენებელი იმის, თუ რატომ სჭირდება კონფლიქტებს საქართველოსა და მოლდოვაში უწყვეტი ყურადღება - ენ ლინდე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ენ ლინდეს განცხადებით, მთიან ყარაბაღში განვითარებული ტრაგიკული მოვლენა უნდა იყოს შემახსენებელი იმის, თუ რატომ სჭირდება გაჭიანურებულ კონფლიქტებს საქართველოსა და მოლდოვაში უწყვეტი ყურადღება.

ამის შესახებ მან ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იმედოვნებს, რომ მთიან ყარაბაღში პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება.

„იმის გათვალისწინებით, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, იმედი გვაქვს, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი შესაძლებელს გახდის საკითხის მდგრად პოლიტიკურ გადაწყვეტას, რაც მომავალში მსგავსი ზიანის აცილებას უზრუნველყოფს. მთიან ყარაბაღში განვითარებული ტრაგიკული მოვლენა უნდა გახდეს იმის შემახსენებელი, თუ რატომ სჭირდება გაჭიანურებულ კონფლიქტებს საქართველოსა და მოლდოვაში უწყვეტი ყურადღება“, - განაცხადა ენ ლინდემ.

შეგახსენებთ, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე სხდომა ორგანიზაციის მოქმედმა თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ ტირანადან დღეს გახსნა. ვირტუალური მინისტერიალი ორ დღეს გაგრძელდება.