NATO-ს სამხედრო კომიტეტის მეოთხე ვიზიტი საქართველოში შემაჯამებელი განცხადებებით დასრულდა. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სესიაზე განხილული საკითხები შეაჯამეს.
როგორც რობ ბაუერმა განაცხადა, სამხედრო კომიტეტის მეოთხე ვიზიტი არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დადასტურდეს NATO-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
„გუშინ, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძესთან შეხვედრებზე შესაძლებლობა მქონდა, ხაზგასმით აღმენიშნა, რომ NATO-ს და საქართველოს უნიკალური პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც დროთა განმავლობაში მხოლოდ ძლიერდება. ჩვენი პარტნიორობა ყოველთვის ორმხრივად სასარგებლოა“, - აღნიშნა ადმირალმა რობ ბაუერმა.
თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, NATO-საქართველოს თანამშრომლობა გამოირჩევა უპრეცედენტო, შეუქცევადი დინამიკით, რასაც ცხადყოფს ალიანსის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში.
მისი განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
გენერლ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საქართველოსა და NATO-ს შორის განსაკუთრებულ პარტნიორულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შედეგად, საქართველო ჩამოყალიბდა როგორც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და აქტიური პარტნიორი.
„ჩვენ ვაგრძელებთ NATO-სთან თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტიანად განხორციელებას და ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ემსახურება ნატოსთან თავსებადობისა და ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის პროცესების გაძლიერებას. ამ მხრივ გამორჩეულია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც წარმოადგენს NATO-სთან თანამშრომლობის ერთ-ერთ უმთავრეს პრაქტიკულ მექანიზმს და მოიცავს NATO-ს სტანდარტების შესაბამისი კრიტიკული სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა.
ცნობისთვის, წინანდალში NATO-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა გაიმართა
საქართველო NATO-ს სამხედრო კომიტეტის რიგით მეოთხე ვიზიტს მასპინძლობს. ვიზიტის მეორე დღე წინანდალში, „რადისონ ქოლექშენში“ NATO-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომით გაიხსნა.
ალიანსის უმაღლეს სამხედრო პირებსა და ქართულ მხარეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და NATO-ს სამხედრო კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი მიესალმნენ.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, NATO-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოს საქართველოში ვიზიტი ალიანსის ურყევი მხარდაჭერისა და ერთგულების კიდევ ერთი დასტურია და აღსანიშნავია, რომ საქართველო სარგებლობს NATO-ს უპრეცედენტო მხარდაჭერით, რაც მნიშნელოვანი ფინანსური, საექსპერტო და პრაქტიკული დახმარებით გამოიხატება.
რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ამ კუთხით არსებული გამოწვევები, შავი ზღვის უსაფრთხოება და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტები, თავდაცვის სისტემასა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები და NATO-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები - ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც მხარეებმა პლენარულ სხდომაზე გაამახვილეს ყურადღება.
NATO-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლებმა საქართველოს საწვრთნელი შესაძლებლობები, ახალი ინფრასტრუქტურა და სისტემები დადებითად შეაფასეს და ქართული ქვედანაყოფების მაღალი მზადყოფნისა და თავსებადობის დონე აღნიშნეს.