ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს პროცესში ჩართულ მხარეებს, არ შეუშალონ ხელი საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას.
„საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობები გრძელდება. ამ წუთებშიც ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არ აძლევენ შესაძლებლობას მედიას გააცნოს ზუსტი და დეტალური ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა. მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ მხარეებს არ შეუშალონ ხელი საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად საარჩევნო პროცესი, კენჭისყრის დღე, ხმების დათვლა, გადათვლები, საჩივრების განხილვა უპრეცედენტოდ გამჭვირვალე გარემოში წარიმართა, კონკრეტული პირები კვლავ მიზანმიმართულად ცდილობენ პროცესის დაზიანებას“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
მის განცხადებებს წინ უძღოდა დაპირისპირება, როდესაც # 67 საოლქო კომისიის შენობა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა და მედიას პოლიციამ ძალის გამოყენებით დაატოვებინა.
მანამდე, ოპოზიციამ #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა, პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.
ოპოზიციაში პრეტენზია აქვს მირანდა მესხთან, რომ „დალუქული ბიულეტენი გახსნა და ხალხს არჩევანის უფლება მოპარა“.
ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რიგ ოლქებში გადათვლის პროცესი ხმაურის და კონკურენტი პარტიების წარმომადგენელთა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ამ მხრივ, გვიან ღამით, ეპიცენტრი იყო ზუგდიდი და მე-11 მაჟორიტარული ოლქი, სადაც ხელახლა გადათვლამ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არსებული სურათი, „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვების გამოვლენამ შეცვალა.
ამავე თემაზე
სად შეიცვალა შედეგები უბნების ხელახალი გადათვლის შემდეგ