შს მინისტრმა დაასახელა ვერსია, რომელსაც სამართალდამცველები ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად განიხილავენ

შს მინისტრი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქებას 90%-ით გამორიცხავს. ვახტანგ გომელაურმა, რომელიც ბათუმში ჩავიდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩანაწერები ნახეს სამართალდამცველებმა და სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აფეთქება საყრდენი კედლის გამოცლას უნდა გამოეწვია, რომელიც თავის მხრივ, შესაძლოა, სამშენებლო სამუშაოს უკავშირდებოდეს.

მინისტრის ინფორმაციით, დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული, ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი, ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის. სამართალდამცველებს ეს ცნობა დაკარგულების ახლობლების გამოკითხვებზე დაყრდნობით აქვთ. ამასთან, მინისტრის თქმით, ორ ადამიანთან პოლიცია სატელეფონო კონტაქტზე გავიდა, თუმცა ისინი ზუსტ მდებარეობას ვერ ასახელებენ.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან ბავშვი გამოიყვანეს. მცირეწლოვანი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში. ნანგრევებში მოჰყვა კორპუსის წინ მდგარი ათამდე მანქანაც.

კორპუსი 26 მაისის ქუჩაზე დაახლოებით, 12 საათზე ჩამოინგრა.

ამავე თემაზე: