კახა კუჭავა: მეც ვფიქრობდი, რომ სააკაშვილი არ იყო საქართველოში, ვერც დავიჯერებდი

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხზე კომენტარი გააკეთა.

ასევე წაიკითხეთ: „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები ექსპრეზიდენტის დაკავების შემდეგ

„როდესაც ადამიანი ასჯერ გასცემს პირობას და 101-ედაც ითხოვს, რომ დაიჯერო, რა თქმა უნდა, გიკვირს არამხოლოდ ამ შემთხვევაში, ხვალაც, როცა იტყვის, მეეჭვება, რომ დასაჯერებელი იყოს, როცა იცი, რომ მისი ყველა ნაბიჯი არასერიოზულია... ჩემი თანაგუნდელები არ ამბობდნენ ტყუილს, ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ. მეც ვფიქრობდი, რომ სააკაშვილი არ იყო საქართველოში, ვერც დავიჯერებდი.

ჩვენ გვაჩვენეს ვიდეო, მე გავეცი მარტივი პასუხი, რომ არ მჯერა, რომ სააკაშვილი იყო საქართველოში და სიმართლე გითხრათ, ის ვიდეო ნამდვილად მეგონა აწყობილი გრაფიკა“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა.

მანამდე, პირველ ოქტომბერს, დილით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.