რუსეთის მიერ სანქცირებულთა სიიდან ამოღების შემდეგ, ვიქტორია ნულანდი მოსკოს ეწვევა

რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა სანქცია გააუქმეს, რათა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი ამ კვირაში მოსკოვს, რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისთვის ეწვიოს.

მარია ზახაროვამ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ნულანდი იყო სანქცირებულთა სიაში, რომელიც კრძალავდა მის შესვლას ქვეყანაში, მაგრამ ეს სანქცია მოიხსნა მას შემდეგ, რაც თავის მხრივ, აშშ-მ გააუქმა შეზღუდვა, რომელიც კრძალავდა რუსეთის მოქალაქეების შესვლას აშშ-ის ტერიტორიაზე.

ზახაროვამ არ დააკონკრეტა, რუსეთის რომელ მოქალაქეებს შეეხოთ შეზღუდვის მოხსნა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი 11 ოქტომბერს გაემგზავრება მოსკოვში, სადაც შეხვდება მაღალჩინოსნებს და სხვა თანამოსაუბრეებს ორმხრივი, რეგიონული და გლობალური საკითხების განსახილველად.

14 ოქტომბერს კი ბეირუთში გაემგზავრება და სამოქალაქო საზოგადოების ლიბანელ წარმომადგენლებს, ასევე, მთავრობის ლიდერებს შეხვდება. საუბარი შეეხება ეკონომიკურ რეფორმებს და მომავალ არჩევნებს.

15 ოქტომბერს, ნულანდი ლონდონში მთავრობის მაღალჩინოსნებთან შესახვედრად გაემგზავრება და მთელ რიგ გლობალურ საკითხებს განიხილავს.

ოფისის დაკავების დღიდნა, პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთი სანქცია დააწესა რუსეთის წინააღმდეგ ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის, ასევე, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო.

ნულანდი იმ პირთა სიაში იყო, რომელთაც რუსეთში შესვლა ეკრძალებოდათ, მას შემდეგ, რაც 2019 წლის მაისში, კრემლის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესება მოითხოვა.

ამავე თემაზე:

რუსული მედიის ცნობით, ვიქტორია ნულანდი შესაძლოა, მოსკოვში ჩავიდეს