მთავრობა ბიზნესს გადაუხდელ ჯარიმებს ჩამოაწერს

მთავრობა ბიზნესის წარმომადგენლებს, მეწარმეებს დავალიანებას ჩამოაწერს. ამ გადაწყვეტილებას მთავრობის ადმინისტრაცია პანდემიისგან დაზარალებული მოქალაქეების მხარდაჭერით ხსნის და მიუთითებს, რომ ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

„კერძოდ, შეღავათები შეეხებათ მათ, ვისაც სარგებლობით, მაგალითად, იჯარით, ქირით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გადაცემული აქვთ სახელმწიფო ქონება და იმ პერიოდში, როდესაც ყველაზე მკაცრი შეზღუდვები იყო დაწესებული პანდემიის გამო, ან ვერ შეძლეს სარგებლობის საფასურის დროულად გადახდა, ან შეძლეს ნაწილობრივ, რის გამოც, კანონით დაეკისრათ პირგასამტეხლო.

ჯამში 1652 ადამიანს, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდში, ჰქონდა 5 071 875 ლარისა და 100 608 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება სახელმწიფო ქონებით სარგებლობისთვის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ადამიანებს, რომლებმაც ან საერთოდ ვერ შეძლეს, ან ნაწილობრივ მოახერხეს სახელმწიფოს წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულების შესრულება, ეპატიებათ გადაუხდელი თანხები, რაც დაახლოებით მილიონამდე ლარია და ასევე დაკისრებული პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც 700 000 ლარს აღემატება.

ხოლო იმ პირებს, რომლებმაც ამ პერიოდში - 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე, სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადეს სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებით განსაზღვრული თანხები, ეს ჩაეთვლებათ მომავალი პერიოდის ვალდებულების შესრულებაში. ჯამში, ჩათვლილი თანხის ოდენობა 4 500 000 ლარს აღემატება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნესსექტორს და მოქალაქეებს სახელმწიფო ქონების იჯარის 1 წლის გადასახადი ეპატიებათ. განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ხომ არ უკავშირდება ეს გადაწყვეტილება არჩევნებს, ამ შეკითხვის საპასუხოდ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კანონი პარლამენტმა 2021 წლის 9 ივნისს მიიღო და ამ კანონით ეკონომიკის სამინისტროს ამ წესის შემუშავება დაევალა.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს და ადამიანებს, ვინც სახელმწიფო ქონების იჯარით ქირის ან მართვის უფლებით სარგებლობს, ან ხელშეკრულება დადებული აქვს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსთან, საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა ამასთან დაკავშირებით და მიიღო შესაბამისი ცვლილებები საქართველოს ქონების შესახებ კანონში.

ამ ცვლილებიდან გამომდინარე მოვამზადეთ წესი, რომლითაც 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს იჯარის და ქირის გადასახადი ეპატიებათ, ასევე გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდის გამო დარიცხული ჯარიმა, სანქცია-საურავი.

ჯამში საუბარია 5 მლნ ლარზე მეტზე და ამას ემატება ჯარიმის და საურავის თანხა 1 მლნ ლარი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.