„ბოლოს 3000-მდე მერყეობს ინფიცირებულთა რაოდენობა, რასაც ხელს უწყობს მობილობა, აცრების შედარებით დაბალი მაჩვენებელი. არ არის საკმარისი იმუნური ფენა, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შეუშალოს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის მოადგილის თქმით, უჩეულოა დღევანდელი რიცხვები და ამას შეისწავლიან.
„ამას მეხუთე ტალღას ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ მეოთხე ტალღიდან ვერ გამოვედით და არის გარკვეული მერყეობა, რაც უნდა მოგვარდეს იმ გზით, რომ დავუბრუნდეთ პირბადის აქტიურ გამოყენებას, სოციალური დისტანციის დაცვას და გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი“, - აცხადებს თამარ გაბუნია.
მისივე თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ს ჩამოცდა, მაშინ როდესაც შარშან ამ დროს 70%-იან მაჩვენებელზე ვიყავით.
„ის, რაც დღეიდან უნდა გავაკეთოთ და ამას დაკვირვება არ სჭირდება, არის იმ წესების აღსრულება, რაც უკვე დაწესებულია. პირველ რიგში პირბადე, მეორე - ვაქცინაციის პროცესი. რა ტენდენციები გამოვლინდება, ამას უნდა დავაკვირდეთ და ამის შემდეგ დასკვნებს კიდევ გავაკეთებთ, თუმცა დღეისთვის არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება და ის, რაც შეგვიძლია ყველამ გავაკეთოთ, არის სოციალური დისტანცია, ვაქცინაცია, პირბადის ტარება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, კვლევებით დასტურდება, რომ ვაქცინაცია იცავს მძიმე შემთხვევებისგან, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლისგან და პრაქტიკულად, არ არის გარდაცვალების შემთხვევები.
ამავე თემაზე: