ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: აზერბაიჯანი და სომხეთი თეირანისთვის კარგი მეზობლები არიან, ამიტომ ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ მუშაობა არ შეგვიძლია

" აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები ოფიციალური თეირანისთვის კარგი მეზობლები არიან, ამიტომ ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ მუშაობა არ შეგვიძლია", - ირანსა და აზერბაიჯანს შორის, რამდენიმე კვირიანი დაძაბულობის შემდეგ, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა განაცხადა.

აბდოლაჰიანის განცხადებით, ოფიციალური თეირანის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი უახლოეს სამეზობლოზე ორიენტირებაა.

„სამეზობლოზე, მათ შორის ჩრდილოელ სამეზობლოზე ფოკუსირება არის ირანის ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ირანის საგარეო პოლიტიკა დაბალანსებულია. შესაბამისად, ირანი აზერბაიჯანთან და სომხეთთან ინტერესების შესაბამისად აწესრიგებს ურთიერთობებს“, - განაცხადა ირანელმა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს ირანმა აზერბაიჯანის საზღვართან ოთხი ირანული დივიზია, საერთო ჯამში 50 000 ირანელი ჯარისკაცი გადაიყვანა და უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნები დაიწყო. საპასუხოდ კი, ირანის საზღვართან თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი წვრთნები გაიმართა.

ირანსა და აზერბაიჯანს შორის, სამხედრო დაძაბულობის ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვია. მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ კი განაცხადა, რომ ირანი კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თავის ქმედებებს რუსეთთან შეათანხმებს.

რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ირან-აზერბაიჯანის დაპირისპირება და რუსეთის სავარაუდო ნაბიჯები რეგიონში