ირანსა და აზერბაიჯანს შორის, სამხედრო დაძაბულობის ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვია. მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ კი განაცხადა, რომ ირანი კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თავის ქმედებებს რუსეთთან შეათანხმებს.
პირველ ოქტომბერს ირანმა აზერბაიჯანის საზღვართან 4 ირანული დივიზია, საერთო ჯამში 50 000 ირანელი ჯარისკაცი გადაიყვანა და უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნები დაიწყო. საპასუხოდ კი, ირანის საზღვართან თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი წვრთნები იმართება.
როგორ ისარგებლებს რუსეთი რეგიონში შექმნილი კრიზისით, როგორ აისახება ეს საქართველოზე და რა გახდა ვითარების დაძაბვის მიზეზი, ამ საკითხებზე, Europetime რონდელის ფონდის ანალიტიკოსს, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.
რა გავლენას მოახდენს საქართველოზე ირანის დაპირისპირება აზერბაიჯანთან და თურქეთთან. რუსეთის შესაძლო ნაბიჯები რეგიონში შექმნილი კრიზისის ფონზე
როგორც Eropetime-თან საუბარში რონდელის ფონდის ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, ბოლო ათწლეულებში კავკასიაში არაერთი კონფლიქტური სიტუაცია შექმნილა და დღეისათვის, როგორც ჩანს, რეგიონში კიდევ ერთი ახალი, ამჯერად უკვე ირანულ-აზერბაიჯანული დაპირისპირება მომწიფდა, რომელიც მხოლოდ ამ ორი ქვეყნით არ შემოიფარგლება.
ანალიტიკოსის თქმით, მას შემდეგ რაც ირანსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება დაიძაბა, რუსეთს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, ბოლო სამი დღის განმავლობაში, რუსეთის კუთვნილი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავებით (IL-76-ებით) სავარაუდოდ ცოცხალი სამხედრო ძალის გადასროლა მოხდა რეგიონში.
„ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთისთვის სულერთი არ არის რა მოხდება და როგორ მოხდება. როცა ირანი და თურქეთი საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენს, რუსეთიც არ გამორიცხავს ძალისმიერი ქმედებების ალბათობას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაზე რუსეთს ოფიციალური პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია, ცხადია, რომ მოსკოვში ყურადღებით აკვირდებიან აქ მიმდინარე მოვლენებს და დიდი ალბათობით, მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე მათი რეაგირების დრო ჯერჯერობით არ დამდგარა. თუ გავიხსენებთ, კრემლი ასევე მოიქცა ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობისას, სადაც დიდი ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად სიჩუმეს ინარჩუნებდა.
რუსეთის ნებისმიერი ქმედება, საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, ამიტომ საქართველო მისი თითოეული ნაბიჯის მიმართ ყურადღებით უნდა იყოს. ჯერჯერობით, დაძაბულობა არის აზერბაიჯან-ირანის საზღვართან, სომხეთის სამხრეთთან, რომელიც ესაზღვრება ნახიჩევანსაც და დანარჩენ აზერბაიჯანსაც. სწორედ ამ საზღვრის გარშემოა კონცენტრირებული რამდენიმე ქვეყნის სამხედრო ძალები. რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას, დასავლეთს ამ ეტაპზე ნაკლებად სცალია კავკასიისთვის, ირან-აზერბაიჯანის დაძაბულობისთვის, თუ დაძაბულობა ცხელ ფაზაში არ გადავიდა", - განუცხადა Europetime-ს ანალიტიკოსმა.
აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილის განმარტებით, ირანმა აღნიშნულ სამხედრო წვრთნებს „ხაიბარის დამპყრობლები“ უწოდა, ხაიბარი ქალაქია საუდის არაბეთში, სადაც 628 წელს მუჰამედმა ებრაელები დაამარცხა და მუსლიმების მიერ ებრაელებზე გამარჯვების სიმბოლოდ განიხილება.
„საგულისხმოა, რომ თეირანი ბაქოს სწორედ ისრაელთან მოკავშირეობაში და ირანის წინააღმდეგ ერთად მოქმედებაში ადანაშაულებს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი ირანთან დაპირისპირებაში მარტო არაა. მას აქტიურად უჭერს მხარს მოძმე თურქეთი. ირანის საზღვართან გააქტიურდნენ თურქული დრონები. ასევე ანკარამ დამატებითი ცოცხალი ძალა და ტექნიკა გაგზავნა ირანის მიმართულებით, სადაც ტარდება თურქული სამხედრო წვრთნები. იმედია, საქმე ცეცხლის გახსნამდე არ მივა. მაგრამ ცხადია, რომ ჩვენს სამხრეთში, ცხელი შემოდგომა დადგა. ამ ამბებს აუცილებლად ექნება თავისი გაგრძელება, თავად ეს ბოლო დაძაბულობა კი ყარაბაღის მეორე ომის გაგრძელებაა“, - აცხადებს ანალიტიკოსი.
აღსანიშნავია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში ვიზიტის პარალელურად, საქართველოში, თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
საზღვრის ორივე მხრიდან მიმდინარე სამხედრო წვრთნების და რამდენიმე ქვეყნის სამხედრო ძალების კონცენტრირების პარალელურად, ირანმა აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში მდებარე ნახიჩევანის მიმართულებით სამხედრო გადაზიდვებისთვის საჰაერო სივრცე ჩაუკეტა. აღნიშნულ საჰაერო მარშრუტს აზერბაიჯანი ნახიჩევანთან კავშირისთვის იყენებდა.
თურქეთმა კი, აზერბაიჯანის მხარდასაჭერად საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით, დამატებითი სამხედრო ნაწილები გადაისროლა აზერბაიჯანში, ერთობლივი თურქულ-აზერბაიჯანული სამხედრო წრთვნებისთვის.
„ირანი არაა ის ქვეყანა, რომ ეს ამბავი ადვილად გაატაროს. ასე რომ, ველით პასუხს თეირანის მხრიდან. საქართველოს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ვხედავთ, რომ თურქული სამხედრო სატრანსპორტო საშულებები საქართველოს საჰაერო სივრცეს იყენებენ. სხვანაირად, ფიზიკურად ვერ დაუკავშირდება აზერბაიჯანს. იმის გათვალსიწინებით, რომ თურქეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა და საქართველო კი NATO-ს მოკავშირე, რაიმე შეზღუდვა და ვალდებულება არ გვაქვს, რომ ჩვენმა ქვეყანამ უარი უთხრას თურქეთს საჰაერო სივრცის დათმობაზე.
ირანის კონკრეტულ რეაგირებას რაც შეხება, ირანი ცნობილია თავისი ძლიერი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებით. ეს არ ეხება მხოლოდ აზერბაიჯანს. ეს ეხება ყველა ქვეყანას. პასუხის გაცემა არის მისი პოლიტიკის ნაწილი. ამას ვხედავთ ისრაელთან და პაკისტანთან მიმართებით. ირანი ის ქვეყანაა, რომელსაც მის წინააღმდეგ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯზე აქვს რეაგირება.
რა ნაბიჯს გადადგამს ძნელი სათქმელია. ამისთის არაერთი ბერკეტი გააჩნია. სამხედრო შესაძლებლობების გარდა, მას აქვს ასევე ეკონომიკური ბერკეტები, პოლიტიკური და ა.აშ“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
როგორც აღმოსავლეთმცოდნე Europetime-თან საუბარში აღნიშნავს, კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერის გაჩენა არ შედის საქართველოს ინტერესებში, თუმცა, ოფიციალური თბილისის შესაძლებლობები და ინსტრუმენტები, გავლენა მოახდინოს მიმდინარე მოვლენებზე, ამ მხრივ ძალზედ შეზღუდულია.
რამ გამოიწვია ირანის და აზერბაიჯანის სამხედრო დაძაბულობა
რამდენიმე დღის წინ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა არ შეეგუება სიონისტური რეჟიმის ყოფნას მის საზღვრებთან და საჭირო ზომებს მიიღებს.
„ეჭვგარეშეა, რომ სიონისტური რეჟიმი ეხმარება და მხარს უჭერს გარკვეულ რეგიონულ ქვეყნებს, რათა შეიქმნას უთანხმოება და განხეთქილება მუსულმანურ ერებს შორის“, - განაცხადა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალმა მოჰამად პაკპურიმ.
Europetime-თან საუბარში ზურაბ ბატიაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ირანი აზერბაიჯანს დაუპირისპირდა.
ანალიტიკოსი დაპირისპირების ორ მთავარ მიზეზს გამოყოფს: ირანის პოზიციების შესუსტებას ყარაბაღის ომის შემდეგ და ისრაელთან აზერბაიჯანის თანამშრომლობას.
„ვითარების დაძაბვის მიზეზების სია გრძელია და შორს წაგვიყვანს. ამ შემთხვევაში დაპირისპირების ახალი ტალღა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ ძალთა ახალ ბალანსს მოჰყვა, როდესაც თეირანმა საკუთარი პოზიციების შესუსტება იგრძნო და რასაც, მისი შეფასებით, საფრთხეების მომატება მოჰყვა. თეირანისთვის მიუღებელია, როგორც აზერბაიჯან-ისრაელის და აზერბაიჯან-თურქეთის მჭიდრო კავშირები, ისე სომხეთის პოზიციების მკვეთრი შესუსტება რეგიონში, რაც აშკარად შესამჩნევია ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ. ამას მოყვა თუქრულ-აზერბაიჯანული სამხედრო წვრთნები, ამას მოჰყვა კორიდორების გახსნის მოთხოვნა სომხეთის მიმართ, რომელიც ასევე აღიზიანებს ირანს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თუ სომხეთი თავისი ნებით არ დათანხმდება კორიდორის გახსნის წინადადებას, მაშინ ამას აზერბაიჯანი ძალის გამოყენებით გააკეთებდა.
ცხადია, მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, არამხოლოდ იკეტებოდა რუსეთთან და შავ ზღვასთან ირანის დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზები, არამედ, თეირანის გადმოსახედიდან, ირანის გარშემო შეიკვრება ერთიანი თურქულ-აზერბაიჯანული რკალი, რამაც შესაძლოა, კიდევ უფრო გააღვივოს ნაციონალისტური განწყობები ჩრდილოეთ ირანში მცხოვრებ აზერბაიჯანელებში.
ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ნაციონალისტური გრძნობები გაღვივდა როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისე ირანის ჩრდილოეთში, სადაც დაახლოებით 20 მილიონი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს. თვითონ აზერბაიჯანის მოსახლეობა კი სულ 10 მილიონს შეადგენს", - განმარტავს აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი.
ანალიტიკოსის განმარტებით, ისრაელის ფაქტორი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ირანი აზერბაიჯანთან დაპირისპირებას არ მოერიდა.
„ცნობილია, რომ ისრაელში წარმოებული დრონები აქტიურად იყო ჩართული ყარაბაღის მეორე ომში. ამჟამად ირანი ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ისრაელის სამხედრო დანაყოფებია განლაგებული. აღნიშნული ბრალდებაც რამდენიმე დღის წინ ღიად წამოაყენა ოფიციალურმა თეირანმა.
მეორე მხრივ კი, ისრაელი ვარაუდობს, რომ ირანს უკვე მალე ექნება ბირთვული იარაღი და ექსპერტები სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ირანზე ისრაელის შესაძლო თავდასხმაზე იმ მიზნით, რომ თეირანს მოუსპოს ასეთი იარაღის შექმნის შესაძლებლობა.
სწორედ ეს მოვლენები შეაფასა ირანმა, როგორც მის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი საფრთხე და გადაწყვიტა, აქამდე უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარება აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, რომელშიც ჩართეს 4 ირანული დივიზია, საერთო ჯამში - 50 000 ირანელი ჯარისკაცით“, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი.
ანალიტიკოსის შეფასებით, ეს დაპირისპირება არ ნიშნავს, რომ იგი ავტომატურად პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში გადაიზრდება, თუმცა იგი გრძელვადიანია და ეს პრობლემა კიდევ არაერთხელ შეგვახსენებს თავს ამ რეგიონში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების გამწვავების შემდეგ საქართველომ მედიატორის ფუნქცია იკისრა, რის გამოც როგორც დასავლეთისგან, ისე თურქეთიდან და კონფლიქტში ჩართული მხარეებისგან არაერთი დადებითი შეფასება მიიღო.
ერდოღანი: ფაშინიანისგან პოზიტიურ გზავნილებს ვიღებთ
ფაშინიანი ერდოღანის განცხადებას პასუხობს და შეხვედრის მზაობას გამოთქვამს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ყარაბაღზე გამავალი დერეფნის გახსნა პოლიტიკური საკითხია
რა მიზნით ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი