საქართველო იკვლევს, ხომ არ უკავშირდება კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მომატება ახალ შტამს. განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ ბრიფინგზე. მისივე განცხადებით, ჯერჯერობით ახალი შტამი არ ფიქსირდება და ყველა დაფიქსირებული შემთხვევა დელტა შტამია.
„შემთხვევების მატების ასეთი ნახტომისა და სიტუაციის გაუარესების ერთ-ერთ ფაქტორად გვინდა, რომ გამოვრიცხოთ, გვაქვს თუ არა ახალ შტამთან საქმე.
ამიტომ მიმდინარეობს მოკვლევა. ჯერჯერობით ახალი შტამი არ ფიქსირდება და ყველა დაფიქსირებული შემთხვევა დელტა შტამია“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ამ კვირაში იწყება გრიპის ვაქცინით სამი რისკ ჯგუფის აცრები. ესენია სამედიცინო პერსონალი, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები.
„სახელმწიფოს გრიპის ვაქცინის 200 000 დოზა ნაყიდი აქვს. 43 000 დოზა ვაქცინისა შემოსულია ქვეყანაში და უკვე დარიგებულია ქსელში. ამ კვირაში იწყება სამი რისკ ჯგუფის აცრები. ესენია სამედიცინო პერსონალი, ორსული ქალბატონები, დიალიზზე მყოფი პაციენტები.
შემდეგ 20-დან 25-მდე პერიოდში ველოდებით გრიპის ვაქცინის დანარჩენ 160 000 დოზას და ის უკვე განაწილდება იმ დანარჩენ რისკ ჯგუფებზე, რომლებიც არიან ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, რისკ ჯგუფში მყოფი ბავშვები და კიდევ სხვა რისკ ჯგუფები. ეს ყველაფერი არის უფასო.
პარალელურად, დიდი იმედი გვაქვს, რომ კერძო სექტორიც შემოიტანს გარკვეულ დოზებს ვაქცინისას, რათა უფრო მეტი ადამიანი მოვიცვათ. შარშან გრიპის სეზონმა შედარებით იოლად ჩაიარა, რადგან კოვიდმა „დაჩაგრა“ გრიპი და თითქმის არ გვქონდა. წელს როგორც პროგნოზირებენ გრიპი უფრო სერიოზულად იქნება და ამიტომ განიხილება ტერმინი ტვინდემია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის წახალისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებები განიხილება, რაც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებთანაა დაკავშირებული.
„ორშაბათიდან გვინდა მობილური ბრიგადებით და ადგილობრივი ექიმების ჩართულობით გავააქტიუროთ აცრები. ასევე, გვინდა მეტი მოტივაცია გაჩნდეს აცრებთან მიმართებით. დღეს საბჭოზე განვიხილეთ რამდენიმე საკითხი აცრებთან მიმართებით მოტივაციაზე, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ამაზე ვერაფერს გეტყვით.
მეტი ინიციატივა მათთვის, ვინც სოფლის მოსახლეობაში აიცრება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია 60 წელს ზევით ადამიანების აცრა, რადგან ჩვენი მასალების საფუძველზე გაანალიზებულია, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ აცრილებში დაახლოებით ცხრაჯერ ნაკლებია, ვიდრე - აუცრელებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 4774 ადამიანს დაუდასტურდა, 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
12 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 882 118 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 002 488 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.3 %, სრულად ვაქცინირებულია 879 630 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.8 %.
11 ოქტომბერს აიცრა 6 817 ადამიანი.