ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სახალხო დამცველს, ადგილობრივი, საერთაშორისო სადამკვირვებლო და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართა. ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე მიუთითებს და „ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის და კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის მიმართ კამპანიურად წარმოებული ცილისწამება, სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა მოჰყავს, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, საჯაროდ, აქტიურად ვრცელდებოდა როგორც სხვადასხვა წყაროს მიერ, ისე სოციალურ ქსელებში.
„ზემოაღნიშნულ ორგანიზაციებს ცესკომ ვიზუალური მასალაც მიაწოდა. აღნიშნული კამპანია კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მხრიდან ჯერ კიდევ არჩევნების ღამეს დაიწყო, როდესაც მან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მირანდა მესხს საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობაში ჩარევა დააბრალა.
ზეწოლა ხორციელდებოდა როგორც საოლქო კომისიაში მყოფი პირების მხრიდან, ასევე, სოციალურ ქსელში აგორებული კამპანიის სახითაც. ოლქის თავმჯდომარის წინააღმდეგ მიმართული მანიპულაცია, მუქარა და სიძულვილის ენა აქტუალური იყო 7, 8 და 9 ოქტომბერსაც, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთი განცხადება და მიმართვა გაავრცელა.
ამასთან კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა ამ პერიოდშივე მოახდინეს საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის პარალიზება და დააზიანეს ინვენტარი. გამოიკვეთა მირანდა მესხის მიმართ გენდერული ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაციის ფაქტებიც.
სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით მივმართეთ სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, რომ დაინტერესდნენ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციით და ხელი შეუწყონ საზოგადოებისთვის საარჩევნო პროცესის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდებას“, - განაცხადა დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ნათია იოსელიანმა.
ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რიგ ოლქებში გადათვლის პროცესი ხმაურის და კონკურენტი პარტიების წარმომადგენელთა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ამ მხრივ, ეპიცენტრი იყო ზუგდიდი და მე-11 მაჟორიტარული ოლქი, სადაც ხელახლა გადათვლამ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არსებული სურათი, „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვების გამოვლენამ შეცვალა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა, მისი კანდიდატის მანუჩარ ფიფიას ნაცვლად კი, გამარჯვებული „ქართული ოცნების“ კანდიდატი სოსო გოგოხია გახდა. „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მირანდა მესხს ადანაშაულებდა ზუგდიდში ხმების გაყალბების პროცესში მონაწილეობაში, რასაც ის უარყოფდა.
ამავე თემაზე
სად შეიცვალა შედეგები უბნების ხელახალი გადათვლის შემდეგ