ისრაელის პრემიერ-მინისტრი 22 ოქტომბერს სოჭში, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი 22 ოქტომბერს, სოჭში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შეხვედრის შესახებ ისრაელის პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„ლიდერები განიხილავენ პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებს, ასევე მნიშვნელოვან რეგიონულ პრობლემებს, უპირველეს ყოვლისა ირანის ბირთვულ პროგრამას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ნაფტალი ბენეტის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. შეხვდრის შემდეგ კი ირანელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რეგიონში ირანი თავის მოქმედებებს რუსეთთან შეათანხმებს.

ირანი ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ისრაელის სამხედრო დანაყოფებია განლაგებული. აღნიშნული ბრალდებაც რამდენიმე დღის წინ ღიად წამოაყენა ოფიციალურმა თეირანმა.

როგორც Europetime-თან საუბარში ანალიტიკოსმა, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა, მეორე მხრივ, ისრაელი ვარაუდობს, რომ ირანს უკვე მალე ექნება ბირთვული იარაღი და ექსპერტები სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ირანზე ისრაელის შესაძლო თავდასხმაზე იმ მიზნით, რომ თეირანს მოუსპოს ასეთი იარაღის შექმნის შესაძლებლობა.

მისი თქმით, სწორედ ეს მოვლენები შეაფასა ირანმა, როგორც მის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი საფრთხე და გადაწყვიტა, აქამდე უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარება აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, რომელშიც 50 000 ირანელი ჯარისკაცი იყო ჩართული.