ავსტრიაში გამართულ ბიზნესფორუმზე საქართველოს პრეზიდენტმა შავი ზღვის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის ათვისებაზე ისაუბრა

ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს შესახებ ისაუბრა.

ღონისძიება ვენაში ავსტრიის ფედერალური სავაჭრო პალატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მაჩვენებელი მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა, თუმცა პანდემიამ თავისი კვალი დაატყო. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ მონაცემები არათუ იგივე ნიშნულს დაუბრუნდება, არამედ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება.

პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის, მისი საინვესტიციო პოტენციალის, ქვეყანაში არსებული საგადასახადო გარემოსა და ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ.

ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირთან ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პოტენციალის სრული ათვისების მნიშვნელობა, რისთვისაც, მისი შეფასებით, საჭიროა ევროპული ბიზნესის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, ინოვაციების ხელშეწყობა და განვითარება.

პრეზიდენტმა ისაუბრა შავი ზღვის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის ათვისებაზე.

პრეზიდენტმა სამთო ტურიზმის, ენერგეტიკისა და ბალნეოლოგიური საკურორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება.