აშშ-ის კონგრესის სენატმა და წარმომადგენლობითმა პალატამ 2021 ფისკალური წლისთვის თავდაცვითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი.
კერძოდ, დოკუმენტის ერთ-ერთ ნაწილში, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ კონკურენციასა და ამასთან დაკავშირებით თავდაცვის დეპარტამენტის საქმიანობას ეხება აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ყურადღება და რესურსები უნდა გაზარდოს.
„თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს ყურადღება და რესურსები შავი ზღვის რეგიონში ცვალებადი სამხედრო ბალანსის საკითხის გადასაჭრელად. ასევე, გაზარდოს ნატო-სა და სხვა მრავალმხრივი სწავლებების სიხშირე და მასშტაბი შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.