ეუთო-ს რეგიონში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე უხეშ დამრღვევად რუსეთი რჩება - სტივენ ბიგანი

ეუთო-ს რეგიონში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე უხეშ დარღვევად რჩება რუსული აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმის ოკუპაცია - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ სტივენ ბიგანმა განაცხადა.

"ეუთო-ს რეგიონში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე უხეშ დარღვევად რჩება რუსული აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმის ოკუპაცია. 2014 წლიდან კონფლიქტმა უკრაინის 13 ათასზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და მილიონზე მეტს სახლის დატოვება აიძულა. ყირიმელი თათრები, ეთნიკური უკრაინელები და სხვანი, ვინც ოკუპაციას ეწინააღმდეგება, ამ დრომდე განიცდიან რეპრესიებს", - განაცხადა ბიგანმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, "რუსეთს დისლოცირებული ჰყავს თავისი სამხედრო კონტინგენტი მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიებზე ამ ქვეყნების ხელისუფლებების თანხმობის გარეშე".

"თავად რუსეთში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გრძელდება, თუმცა გამოწვევებს ეუთო-ს პრინციპებს მხოლოდ რუსეთი როდი უქმნის", – დაამატა ბიგანმა და ევროპაში ყველაზე მწვავე კრიზისებს შორის ბელარუსში არსებული ვითარება დაასახელა.

ცნობისთვის: კოვიდ-პანდემიის გამო ორგანიზაციის 27-ე მინისტერიალი 3-4 დეკემბერს ვირტუალურ ფორმატში იმართება.