ჟოზეფ ბორელი: ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს

საგარო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ეკონომიკის გაჯანსაღება შეაფერხოს.

ამის შესახებ, ბორელის პირად ბლოგზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.

როგორც ბორელი აღნიშნავს, ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის განცხადებით, ევროკავშირი და რუსეთი ენერგორესურების საკითხში ურთიერთდამოკიდებული არიან, რადგან რუსეთის ბიუჯეტი ევროპაში გაყიდული ბუნებრივი აირისა და საწვავის ხარჯზე მნიშვნელოვან შემოსავლებს იღებს.

„რუსეთი ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ბუნებრივი აირის მოწოდების კუთხით, მაგრამ ის არ აწვდის გაზის დამატებით მოცულობას ევროპულ სისტემას, რაც მას შეუძლია, შესაბამისად, ის ხელს უწყობს ფასების ზრდას. ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს, აფერხებს ეკონომიკის აღდგენას და ძირს უთხრის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მწვანე ენერგიაზე გადასვლის პოლიტიკურ და სოციალურ მხარდაჭერას. ეს ასევე ზრდის ჩვენს დაუცველობას მესამე ქვეყნებთან ურთიერთობებში“, – წერს ჟოზეფ ბორელი, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში მართავს ოფიციალურ შეხვედრებს.

ბორელის თქმით, ევროპის სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნების სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება ძალიან მაღალ ნიშნულზეა. ქვანახშირის შემთხვევაში დამოკიდებულება 70%-ს შეადგენს, ბუნებრივი აირის 90 პროცენტი და ნავთობის 97 პროცენტი მესამე ქვეყნებიდანაა იმპორტირებული. სწორედ ამიტომ ევროკავშირისთვის განახლებად და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ფაზაში ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება მნიშვნელოვანია.

ჟოზეფ ბორელი ამბობს, რომ აღმოსაველთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, სპარსეთის ყურესა და საჰელის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება პრიორიტეტული უნდა იყოს. მისივე თქმით, ენერგეტიკული დამოკიდებულება გადამწყვეტია რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებშიც.

13 ოქტომბერს მოსკოვში, ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარყო ბრალდება, რომ რუსეთი ენერგომატარებლების ექსპორტს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.

პუტინმა ასევე უარყო მოსაზრება, რომ რუსეთს წვლილი შეაქვს ბუნებრივ აირზე ფასების სარეკორდოდ გაზრდაში.

„ეს არაა ჩვენი პრობლემა; ეს ევროპელების ბრალია“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე.

პუტინის განცხადებამდე ევროპის კომისიამ 13 ოქტომბერს წევრ ქვეყნებს წარუდგინა საშუალებები, როგორ დაიცვან ოჯახები და ბიზნესი ენერგომატარებლებზე ფასების სწრაფი ზრდის პირობებში.

ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში გაზის ფასებმა სარეკორდო ნიშნულებს მიაღწია უკანასკნელ კვირებში. ამან გამოიწვია ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა ისეთ ქვეყნებში, სადაც გაზი ელექტროსადგურების ძირითადი საწვავია. ოჯახებს მოახლოებული ზამთრის წინ ეზრდებათ ენერგეტიკის ხარჯები.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასი რეკორდულად გაიზარდა, რამაც ელექტროენერგიის გაძვირებაც გამოიწვია. გაძვირდა საწვავიც. ენერგიაზე ფასების ზრდის გამო ევროკომისიამ რეკომენდაციები შეიმუშავა, რაც უნდა დაეხმაროს წევრ ქვეყნებს ენერგეტიკული კრიზისის პერიოდში მოახლოების და ბიზნესის დაცვაში. მათ შორის არის ენერგორესურსებზე გადასახადების შემცირება და სხვა დროებითი ზომები ღარიბი და დაუცველი მომხმარებლების დასახმარებლად.

გაზის დეფიციტის გამო კი, მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მოლდოვას, რომელიც გაზს რუსეთიდან იღებს, კონცერნ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, ახალი კონტრაქტი კი, ხელმოწერილი არ არის, რადგან მხარეები მისაღებ ფასზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გარდამავალ პერიოდში ქვეყანა იძულებულია რუსული გაზი დაახლოებით 4-ჯერ უფრო ძვირად შეიძინოს