ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ენრიკე მორა დღეს ირანის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრების მთავარი მიზანი ირანსა და მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების მიზნით მოლაპარაკებების გაგრძელებაა.
მორას ვიზიტი თეირანსა და ბრიუსელს შორის კონსულტაციების შედეგია. მხარეები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ, რომელსაც ვაშინგტონი გამოეთიშა და შედეგად, ირანმა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა.
პარალელურად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს. ის უკვე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს.
აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ თეირანის ატომურ შეთანხმებაში დაბრუნების მცდელობა საფრთხის ქვეშაა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს აიძულებს დიპლომატიის გარდა სხვა გზებიც განიხილონ.
როგორც ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ირანში ყოფნა ხაზს უსვამს "მოლაპარაკებების აღდგენის გადაუდებლობას",
ვაშინგტონსა და თეირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები შუამავლების მეშვეობით აპრილში დაიწყო. მოლაპარაკებებში ჩართულნი არიან ასვე დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი. მოლაპარაკება შეჩერდა ივნისის არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგადაც ირანის პრეზიდენტი ხისტი პოლიტიკის მიმდევარი ებრაჰიმ რაისი გახდა.
"მე არ გადავდებ, მოლაპარაკებების განახლების დაჩქარებას", - დაწერა ენრიკე მორამ twitter-ზე თეირანში ჩასვლამდე.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალი ბაღერმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე მოლაპარაკება შეეხება ასევე "სასტიკი სანქციების გაუქმებასაც".
"შეხვედრის მოწვევა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ყველა მხარე შეთანხმდება და მზად იქნება" - წერს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერმა, პიტერ სტანო.
ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2003 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც დასავლეთის ქვეყნებმა თეირანი სამხედრო ბირთვული პროგრამის განვითარებაში დაადანაშაულეს. ოფიციალურად შეთანხმების სახელწოდებაა „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა“. შეთანხმებას ხელი 2015 წელს მოეწერა. ერთი მხრივ შეთანხმებას ხელს აწერს ირანი, მეორე მხრივ - საერთაშორისო შუამავლების ექვსეული: აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი.
თეირანი ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე სანქციების მოხსნის სანაცვლოდ დათანხმდა. ირანის ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ ქვეყნიდან გაიტანდა გამდიდრებული ურანის 98%-ს (ნებადართული იყო არაუმტეს 300 კილოგრამის დატოვება), შეამცირებდა ურანის გამდიდრებისათვის ცენტრიფუგების რაოდენობას 20 ათასიდან 5 ათასამდე; არ შექმნიდა მაღალგამდიდრებულ ურანს, რომელსაც ბირთვული იარაღისთვის იყენებენ და ქვეყანაში დაუშვებდა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (International Atomic Energy Agency, IAEA) ინსპექტორებს.
2018 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებიდან გადის. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, გარიგების გაფორმების დღიდან ირანმა თავისი სამხედრო ბიუჯეტი 40%-ით გაზარდა, დაიწყო ბირთვულქობინებიანი ბალისტიკური რაკეტების შექმნა, ხოლო უცხოეთში აქტივებზე სანქციების მოხსნის შემდეგ რესურსები ტერორიზმის დაფინანსებისათვის გამოიყენა. ასევე ტრამპმა მხარი დაუჭირა ისრაელის პოზიციას იმის შესახებ, თითქოს შეთანხმების გაფორმების მომენტისთვის ირანმა დამალა, რომ ბირთვულ იარაღზე მუშაობდა.
ოფიციალური განცხადების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა. სანქციები 180 დღის განმავლობაში ამოქმედდება და შეეხება ირანის ვაჭრობის, ენერგეტიკის და საბანკო სექტორებს. შეერთებული შტატების თქმით, სანქციები გავრცელდება სხვა ქვეყნებზეც თუ ისინი ირანს ბირთვულ იარაღზე მუშაობაში დაეხმარებიან.
ჯო ბაიდენის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ირანის წინააღდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის და ირანის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების საკითხი დადგა დღის წესრიგში.