თბილისის ცენტრში გამართულ აქციას „ქართულ ოცნებაში“ გამოეხმაურნენ

14 ოქტომბერს, თბილისის ცეტრში გამართულ აქციას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. აქციის ორგანიზატორი, „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი გუნდის დასასრულის დასაწყისზე მიუთითებს, „ქართულ ოცნებას“ კი იგივე შეფასება აქვს თავად ამ პოლიტიკურ გუნდზე.

დედაქალაქის ცენტრში პროტესტის დაშლის შემდეგ, პირველი ვინც ამ აქციას სატელევიზიო ეთერიდან გამოეხმაურა მმართველი გუნდის სახელით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იყო და სწორედ აქ განაცხადა, რომ: „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრულის დასაწყისს ვხედავთ, რასაც საზოგადოება უკვე წლებია ელოდება“.

თავად, პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა აქციის ყველა მონაწილესა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მისი პოზიცია მედიას „ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანა წითლიძემ გააცნო.

„მან მითხრა, რომ მისთვის ძალიან ემოციური იყო ამდენი ხალხის ნახვა. მე ვკითხე, რამდენი ადამიანი იყო „ვარდების რევოლუციაზე“ და მას არ ახსოვს რაოდენობა, მაგრამ თქვა, რომ „ვარდების რევოლუციაზე“ არ ყოფილა ამდენი ხალხი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

„სააკაშვილი ჯერ კიდევ ინარჩუნებს აქტუალობას ციხეში“, - აღიარებს მმართველი პარტია, თუმცა ამას იმით ხსნის, წინასაარჩევნო პერიოდია: „მაგრამ როგორც კი დასრულდება არჩევნები, არა თუ საააკაშვილი ციხეში, „ნაციონალური მოძრაობაც“ არ უნდა ინარჩუნებდეს აქტუალობას - ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მისი კოლეგა, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აქციის კომენტირებისას, რუსული მედიის პროპაგანდაზე საუბრობს.

„რუსეთის მედიის პროპაგანდა პირდაპირ იყო დაკავშირებული სააკაშვილის მხარდაჭერასთან - თქვეს, რომ 100 ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქვე საოკუპაციო ხაზთან, დამატებით ღობეს აშენებენ ზუსტად იმ წუთში და იმ დროს, როცა სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები საქართველოში აქტიურობენ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„აქციაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ არაფერი დამანახა - არსებობს გაცილებით მეტი რაოდენობის ადამიანი, რომელთაც ფეხი დააბიჯეს ღირსებაზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და სისხლი ადინეს“, - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

რაც შეეხებათ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც გუშინდელ პროტესტში არ მონაწილეობდნენ, „ბრძოლა უნდა დასრულდეს კოალიციური მმართველობით, რომელიც რეალურად შეცვლის ქვეყანაში ვითარებას“, - მიიჩნევს „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი.

„პირველიდან მეორე ტურამდე არსებული პერიოდი ერთიანი ბრძოლის ეტაპს შეადგენს და ეს ბრძოლა უნდა დასრულდეს კოალიციური მმართველობით, რომელიც რეალურად შეცვლის ქვეყანაში ვითარებას და დაანახებს ამომრჩეველს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამდენად განსხვავებულია დაბალანსებული და ურთიერთკონტროლის მექანიზმზე დაფუძნებული მმართველობა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისთვის ნათელია, რომ „ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია და ამის მრავალი ნიშანია სახეზე, დაწყებული არჩევნების შედეგებით, ძალიან ღია გზავნილით, რომელიც „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებამ გაუგზავნა, გაგრძელებული საზოგადოებრივი განწყობებით და იმით, რაც გუშინ ხდებოდა მიტინგზე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე კი თვლის: „როდესაც პანდემიის პერიოდში ამდენი ადამიანი იკრიბება, ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობას ცვლილებები უნდა - გუშინ ძალიან ბევრი ხალხი იყო და ამ ფაქტის უარყოფა შეუძლებელია.

აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება „თვალს იბრმავებს“.

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" დეპუტატ ხათუნა სამნიძისთვის ამ აქციამ აჩვენა, რომ „ქვეყანაში ძალიან დიდია ოპოზიციური ამომრჩევლის მუხტი - ეს არის ერთგვარი გაფრთხილება „ქართული ოცნებისთვის“, არ გაბედოს, იგივე მაქინაციებს მიმართოს, რაც გამოიყენა 2 ოქტომბერს. დეპუტატის თქმით, სჯობს, ხელისუფლება დაფიქრდეს, ვიდრე მეორე ტურში გაყალბებას დაგეგმავს. მისივე თქმით, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი გზავნილიც გუშინდელ აქციაზე.

უცხოური მედიის ცნობით, გუშინდელ აქციაში 50 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

მასალაში გამოყენებულია AFP-ის ფოტო

ამავე თემაზე:

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავს