საქართველოს ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას თავისუფლების მოედანზე გამართავს. პროტესტის მონაწილეები, პარტიის წევრები და მხარდამჭერები სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან თბილისის მიმართულებით ავტომობილებით თბილისისკენ გაემგზავრნენ.
აქციას არ უერთდებიან „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „რესპუბლიკური პარტია“.
„თუმცა ყველას თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება აქვს, რომ მივიდეს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა ყველაზე მთავარი არის, რომ ჩვენ მთელი ფოკუსი გავაკეთოთ მეორე ტურებზე“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერები აქციაზე მისვლას მაინც გეგმავენ. პარლამენტის წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ აქციაზე იქნება, რადგან იზიარებს მოთხოვნების შინაარსს და თვლის, რომ ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი შეკრება არ არის.
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აქციაზე იქნება, თუმცა პარტიის წევრები ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას, მიიღებენ თუ არა კონკრეტულ აქციაში მონაწილეობას.
მათ შორის, ვინც აქციას არ უერთდებიან, ასევე არიან პარტია - „საქართველოსთვის", „გირჩი“ და „ევროპელი სოციალისტები“, „ევროპული საქართველო“, „მოქალაქეები“.
„სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა შექმნა ამოცანა და მოლოდინი, რომ ხვალ უნდა გადაწყდეს ყველაფერი, რომ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი და სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე მეორე ტურში გასვლას აზრი არ აქვს. ზოგადი მიდგომაა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაშია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გასაღები. ეს მე არასწორ მოლოდინად და არარეალისტურად მიმაჩნია და არ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არ მგონია, რომ შესრულებადია. არ მგონია, რომ სწორი მიდგომაა. მიზანშედეგობრივი კავშირი პირიქითაა - ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაა პოლიტიკური დევნის დასრულების გასაღები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების და არა პირიქით", - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა მედიასთან.
რაც შეეხება „მოქალაქეებს“, პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს არის ერთი პარტიის აქცია თავისი ლიდერის მხარდასაჭერად და ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავენ მასში მონაწილეობის.
„რატომ უნდა შევუერთდეთ მით უფრო, მთელ რიგი საკითხების გამო მიხეილ სააკაშვილს პოლიტიპატიმრად არ მივიჩნევთ. პირიქით, იმ პარტიების გვიკვირს, ვინც ამბობს, რომ ის პოლიტპატიმარია და მის მხარდასაჭერად აქციებზე გასვლა არ უნდათ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, დაახლოებით ორი კვირაა, შიმშილობს.
ამავე თემაზე:
მიხეილ სააკაშვილი: ვემზადებოდი დიდი ხანი, ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა