ირაკლი კობახიძე: რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი გახდა, ეკონომიკური ზრდა ნულიდან 12%-ზე ავიდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდის“ შესახებ აცხადებს.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რაც გახდა, ეკონომიკური ზრდა 12%-იან მაჩვენებელზე ავიდა.

„ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის მთავარია ეკონომიკური განვითარება, რაც სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ნიშნავს. აქ გვაქვს კონკრეტული გეგმები და არა მხოლოდ გეგმები. მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა, დღეს უკვე 9 თვის მონაცემებით, პლუს 12%-ია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ანუ ღარიბაშვილის პირობებში ჩვენ მინუსიდან ავედით პლუს 12%-იან მაჩვენებელზე, რაც არის უპრეცედენტო ზრდა. საზოგადოებისთვის მთავარია, ეკონომიკის სწრაფი განვითარება გაგრძელდეს. პროგნოზებიც ძალიან კარგია.

სიღარიბის ნულამდე დაყვანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად - ეს არის ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით აქტიურად ვიმუშაოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.