ოპოზიციონერი ლიდერები მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების შუამავალ ელჩებს შეხვდნენ. კონსულტაციებიდან გამოსულმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე კონკრეტული, შეჯერებული პოზიციით მივიდნენ, რომელსაც ელჩები „ქართულ ოცნებას“ გააცნობენ. „მოქალაქეების“ ლიდერს დეტალებზე არ უსაბრია.
„შეხვედრის დეტალებს, სულ რომ ჯვარს მაცვათ, ვერ გეტყვით. „ქართული ოცნებიდან“ დათმობას და კომპრომისს რომ არ ველოდეთ, არც ჩვენ ვართ პატარა ბავშვები, რომ გვეწვალა და არც ელჩები არიან პატარა ბავშვები, რომ ვაწვალოთ. უზარმაზარ სამუშაოს სწევენ, უზარმაზარი დრო და რესურსი აქვთ გამოყოფილი იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკება ნელ-ნელა მიდიოდეს წინ. დღეს არის სწორედ წინგადადგმული პატარა ფრთხილი ნაბიჯი, რომ რაღაც საერთო შეთანხმებამდე მივიდეთ. რა თქმა უნდა, ორივე მხარე ვართ გაჯიუტებული, ცალკე ოპოზიცია და ცალკე „ქართული ოცნება“ და ელჩები ცდილობენ, რომ ცალკე რაღაც ნაბიჯები გადაგვადგმევინონ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა:
„ფასილიტატორებს გადავეცით წერილობითი მოთხოვნები და ველოდებით ასეთივე წერილობით პასუხს „ქართული ოცნებისგან“. მესამე რაუნდი იმის შემდეგ გაიმართება, რაც პოზიციების ურთიერთგაცვლა მოხდება“.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ლელოს“ ლიდერმაც: „დღეს ჩვენ მოვიტანეთ წინადადებათა პაკეტი, რომელიც გადავეცით დიპლომატებს. ძირითადი კომპონენტი - რიგგარეშე არჩევნები - არ შეცვლილა, მაგრამ არის უამრავი სხვა საკითხიც ამ პაკეტში. ფასილიტატორებმა გვთხოვეს დრო, რათა მივიღოთ ხელისუფლებისგან ჩამოყალიბებული პასუხი ამ პაკეტზე.
იმედია, ამის შემდეგ შეჯერდება პოზიციები. მესამე რაუნდს უახლოეს ორ დღეში ველოდებით. თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, თუ არ შეიცვალა ფუნდამენტურად საარჩევნო კოდექსი და ცესკოს შემადგენლობა, ბუნებრივია, შეთანხმება ვერ შედგება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი შეჯერებული და ერთიანი პოზიცია და ეს მოხდა ძალიან დეტალურად გაწერილი, დოკუმენტური ფორმით“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
„ყველა ის მოთხოვნა, რაც არსებობდა, ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ, ჩამოყალიბებული, დეტალური, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს. ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ, როგორც ფასილიტატორებმა, ეს პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ „ქართულ ოცნებას“ და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ, დოკუმენტურ პასუხს „ქართული ოცნებისგან“.
„ქართული ოცნებისგან“ იყო შემოთვლილი გარკვეული წინადადებები, ძალიან ბუნდოვანი და არასრულყოფილი სახით, რა წინადადებები იყო, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ არაფერი ისეთი, რაც ოპოზიციის პოზიციებს შეცვლიდა, არ მოსულა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოლაპარაკებების შუამავალი ერთ-ერთი დიპლომატი, კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ წინსვლა იქნება.
„განვიხილავთ ამ დისკუსიის შედეგებს და დავფიქრდებით, როგორ შეიძლება ამის გამოყენება პროცესების წინ წასაწევად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფიქრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოიძებნოს ეს „ჯადოსნური“ საერთო ნიადაგი, ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ, შესაძლებელი გახდება ასეთი თანხვედრის წერტილების გამონახვა. მაგრამ ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპზე, რადგან მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.
ჩემთვის ნათელია, რომ ეს დისკუსია რთული იქნება და რთულად გაგრძელდება, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი უნდა გახდეს გზის გამონახვა და პროცესების განვითარება, ქვეყანაში სტაბილურობისა და დემოკრატიულობისთვის“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.