ზურაბ ჯაფარიძე დიპლომატებს დღეს ისევ „გირჩის“ ლიდერის სტატუსით შეხვდა და განაცხადა, რომ პოლიტიკური გაერთიანება არ დაუტოვებია, თუმცა მის თანაგუნდელებთან გზები გაიყო. ამის განმარტება მას სოციალურ ქსელში (დახურული ჯგუფიდან) გავრცელებული ტექსტის გამო მოუწია, რომელშიც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ აღარ „აპირებს იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად გირჩის კეთებას“. მხარეებმა უკვე უარყვეს, რომ შეიძლება, უთანხმოება პარლამენტში შესვლის საკითხს უკავშირდებოდეს, თუმცა დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობენ.
„რაც დავწერე სტატუსში, ეს არის, რისი თქმაც შემიძლია. ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადების მიუხედავად, პოლიტიკური გაერთიანების დატოვებას არც იაგო ხვიჩია აპირებს.
„ჩემი, ზურა ჯაფარიძის, ვახო მეგრელიშვილის, სანდრო რაქვიაშვილის საერთო პოზიციააა, თუ ოპოზიცია შედის პარლამენტში, „გირჩიც“ შევა, თუ არ შედის - არ შევა. ჩვენ იქ საქმის გასაკეთებლად შევდივართ. მიუხედავად იმისა, ვინ რაზეა გაბრაზებული, იმის გაკეთების სურვილი, რაც გასაკეთებელი იყო, ისევე აქვს ზურაბ ჯაფარიძეს, როგორც იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს. ჩვენ ამ ნაწილში სრული თანამოაზრეები ვიყავით. მე თქვენ კოლეგებს ველაპარაკებოდი, თურმე ჭორი ყოფილა, რომ თითქოს, იაგოს ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს უნდოდათ პარალამენტში შესვლა და ზურაბ ჯაფარიძეს არა, რაც არასერიოზულია. ჩვენ თანამოაზრეები ვიყავით და ეს მინდა, რომ გამოირიცხოს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რას უკავშირდება ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება, ამაზე საუბარი მის თანაპარტიელებს უჭირთ.
„შიდა პრობლემა იყო, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ მსგავს შიდა პრობლემას შეეძლო ასეთი გადაწყვეტილების გამოწვევა. დღეს ზურა მიდის ელჩთან, ზუსტად ჩვენი სახელით და გასარკვევი გვაქვს, რომ მოვა, გვეტყვის თუ არა, რა უთხრა ელჩმა“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
„არ წარმომიდგენია, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე „გირჩიდან“ წავიდეს და კიდევ უფრო არ წარმომიდგენია, რომ ზურამ თქვას თქვენ წადით, მე აქ ვრჩები. ტექნიკურად წარმოუდგენელია. მიზეზი არ ვიცით, თვითონაც თქვა, რომ მიზეზს არ დაასახელებს და ადრე თუ გვიან, უნდა გავიგოთ. მე არ მახსოვს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კამათი ყოფილიყო. კამათი ჩვენთან ყოველთვის არის, რაზე არ გვიკამათია, „გირჩში“ ვართ ბოლოს და ბოლოს. ბოლო დღეებში არაფერი ხდებოდა. გუშინაც, მე, ზურა და ვახო ერთად ვისხედით ოპოზიიციის შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ ასეთ მდგომარეობაში ვიყავით. კონფლიქტი ბოლო დღეებში არ გვქონია“, - განაცხადა სანდო რაქვიაშვილმა.
„გირჩი“ ორგანიზაციად 2015 წლის ნოემბერში, მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც ოთხმა დეპუტატმა - ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ ახალი პოლიტიკური ცენტრი, „გირჩი“ დააარსეს.