გვანცას ბაბლი

ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე

ქარის ხმა, ქარიზმა

ქარიზმატულიაო ჩვენში ისე იტყვიან ხოლმე, თითქოს უდაოდ რაღაც დადებითს გულისხმობენ... გვიყვარს ქართველებს ქარიზმატული პიროვნებები, რაც უფრო შორს არიან ჩვენგან, მით უფრო გვიყვარს - ყველა ჩვენი ისტორიული გმირი ხომ ქარიზმატული ლიდერი იყო, იმიტომ რომ ყველა გმირი ქარიზმატულია...

ქარიზმატული ლიდერები მაშინ ჩნდებიან, როდესაც ცვლილებები გარდაუვალია - მათ კარგად ეხერხებათ დრომოჭმულის დანგრევა... ქარიზმატული ლიდერები მაშინ ჩნდებიან, როდესაც ხალხში ემოციური მუხტი იზრდება - მათ კარგად ეხერხებათ ადამიანური ემოციების ენერგიად გარდაქმნა...

ქარიზმატული ლიდერები მაშინ ჩნდებიან, როდესაც დაგვჭირდება ახალის შექმნა - მათ ეხერხებათ გაუკვალავი გზებით სიარული... ქარიზმატული ლიდერები მზად არიან, თავი გასწირონ საკუთარი იდეებისთვის და ამიტომაც მათ გმირებს ვუწოდებთ, თუკი ვეთანხმებით მათ იდეებს...

ქარიზმატული ლიდერები უკომპრომისოები არიან საკუთარ მტრებთან და ჩვენ ეს მოგვწონს, სანამ მტრების სიაში ჩვენც არ აღმოვჩნდებით...

ქარიზმატული ლიდერები ან ძალიან გვიყვარს, ან ძალიან გვძულს - თავიდან გვიყვარს, მერე შეგვძულდება...

ქარიზმატული ლიდერები ხშირად კარგავენ რეალობის შეგრძნებას, მაგრამ არასდროს თავის ქარიზმას... ისინი აშენებენ და ისინი ანგრევენ, და ჩვენ მათ შევაფასებთ იმისდა მიხედვით, აშენებულთან უფრო ახლოს აღმოვჩნდებით თუ დანგრეულთან...

ქარიზმატულ გმირებს ისტორია ეპოქის შემქმნელებს დაარქმევს ხოლმე, მათი თანამედროვე ადამიანები კი თავს დაკარგულად გრძნობენ მათ გვერდით...

პირადად მე არ მიზიდავენ ქარიზმატული ადამიანები - მღლის მათი ენერგეტიკა და მაბრაზებს მათი სიჯიუტე... მშვიდი და სტაბილური ადამიანები მიყვარს ჩემს გარშემო...

მშვიდ და სტაბილურ საზოგადოებაში მინდა ცხოვრება, სადაც ქვეყნის ლიდერებს არც შეუსაბამო ძალაუფლება აქვთ და არც შეუსაბამო ფუფუნება, ველოსიპედებით დადიან სამსახურში და რიგითი პატრული აჯარიმებს მოძრაობის წესების დარღვევისთვის...

ასეთ საზოგადოებებს ადამიანები ქმნიან ათეულობით ან სულაც ასეულობით წლების მანძილზე... ადამიანები, რომლებიც ისეთივე პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ სახელმწიფოს, როგორც დედა თავის ახალშობილს... ასეთ საზოგადოებებს აღარ სჭირდებათ ქარიზმატული ლიდერები...

***

"მეზობელმა არ დაგინახოს“ - როგორი ჯადოსნური სიტყვებია საქართველოში... მეზობლებს თუ არამკითხე მამიდა-ბიცოლებს ყოველთვის აინტერესებთ რა გაცვიათ, დილით თუ ილოცეთ, ფულს რამდენს შოულობთ, სადილად რა გაქვთ, სარეცხი თუ გაქვთ სწორად გაფენილი საკუთარ აივანზე...

ნაცნობ-უცნობი ციციკორეები გამადიდებელი შუშით აკვირდებიან თქვენს პირად ცხოვრებას და გაიძულებენ მათი დაუწერელი ფსევდომორალისტური კანონებით იცხოვროთ... მაგრამ ამ ყველაფერს, არაფერი აქვს საერთო სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან - საქართველოში არ გაგკიცხავენ თუ ფულს კორუფციით შოულობთ, პირიქით, დაგიმეგობრდებიან და შეგაქებენ...

საქართველოში არ გამოიძახებენ პოლიციას თუ მეგობარს ან ოჯახის წევრს მიასიკვდილებთ - პირიქით, სხვისი პირადი ცხოვრება რა ჩვენი საქმეაო, იტყვიან... საქართველოში არ განგსჯიან ქურდობისთვის, ხულიგნობისთვის, ბულინგისთვის, ძველბიჭობისთვის, თაღლითობისთვის, არაპროფესიონალიზმისთვის, შანტაჟისთვის, გაყალბებისთვის და თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე საკუთარი კორპუსის კედლების დანგრევაც კი არავის ადარდებს, სანამ ნანგრევები ბავშვებს არ იმსხვერპლებს...

საქართველოში მთავარია რა გაცვიათ, სექსი ვისთან გაქვთ და როგორი თანმიმდევრობით გაფენთ თეთრეულს საკუთარ აივანზე...

რამდენჯერ ვიფიქრე ამ პრობლემაზე და პასუხი ვერ გავეცი - უპასუხისმგებლოები ვართ და გვეშინია საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების? ინფანტილურები ვართ და ვერ ვანსხვავებთ მნიშვნელოვანს უმნიშვნელოსგან?

მშიშრები ვართ და მხოლოდ სუსტებთან გვაქვს დიდი გული? გაუნათლებლები ვართ და არ გვესმის რა არის კრიმინალი? თუ თავადაც კრიმინალები ვართ ან კრიმინალობაზე მეოცნებეები?

სანამ ამ შეკითხვებზე დასაფიქრებლად ზოგს სულ არ სცალია და ზოგიერთი კი ჩვენს ბაბლებში ჭორაობით „რაიმე სასარგებლოს კეთების“ ილუზიას ვუქმნით საკუთარ თავს, სახელმწიფოს ფუნქციონირებას თავისი ლოგიკა აქვს - მას ადამიანების უპასუხისმგებლობა საძირკველს უთხრის და ნელი-ნელ ანგრევს...

მისი ნანგრევები თავში არ დაგვეცემა დღეს, მაგრამ სახელმწიფოს ნგრევა ხვალინდელ დღეს აუცილებლად დაასამარებს...

და როგორც კი გააცნობიერებ ამ საფრთხეს, უკვე გვიანია უარი თქვა სარისკო ოპერაციაზე და გამოჯანმრთელება ჯანსაღი ცხოვრების წესს დაუკავშირო...

უკვე გვიანია უარი თქვა ქარიზმატული ლიდერების ენერგიაზე და ციციკორეების იმედად დარჩე, რომლებმაც თქვენი მართვა ფსევდომორალისტური კანონებით საკუთარი ავკაცობების გადასაფარად გამოიგონეს...

***

არ გვინდა ქარიზმა და ქარიზმატულებიო - არც მე მინდა, მართლა არ მინდა, მშვიდ და სტაბილურ საზოგადოებაში მინდა ცხოვრება, სადაც ქვეყნის ლიდერები ველოსიპედებით დადიან სამსახურში და რიგითი პატრული ჯარიმას უწერს მოძრაობის წესების დარღვევისთვის...

მაგრამ ასეთ საზოგადოებებს ადამიანები ქმნიან და თუ ვერ ქმნიან, არჩევანი არც ისე ბევრია... სახლის ბზარებში თუ ქარის ხმა ისმის, დროა შეეშვა უდარდელობას და ციციკორეების ფსევდომორალისტური წესებით ცხოვრებას...

ქარის ხმა ნიშანია ახალი ქარიზმის დაბადების... ახალი ქარიზმის დაბადება ნიშანია, რომ დროა შევძლოთ პასუხისმგებლიან საზოგადოებად ჩამოყალიბება, რომელიც ქარიზმას ქმნადობისთვის გამოიყენებს და მუდმივი კონტროლით მოთოკავს მის ნაკლოვანებებს...

წლების წინ ერთმა ჩემთვის საპატივსაცემო უცხოელმა გვითხრა, ქართველები საკუთარი უდარდელობით ღუპავთ საკუთარ ლიდერებს, თავად მიგყავთ იქამდე, რომ შემდეგ ჩამოსაგდები გაგიხდეთო...

ახლახან ჩემთვის საპატივსაცემო მოძღვარმა ფეისბუქ სტატუსით გვითხრა, უდარდელობა დიდი ცოდვააო...

უდარდელები და ციციკორეების მიმდევრები სულ ტყუილად დააბრალებენ ყველა ბოროტებას ვიღაც სხვას...