აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ჯეი ოსტინი ევროპაში მიემგზავრება, რათა გაამხნევოს ფრონტის წინა ხაზზე მყოფი სახელმწიფოები. ამ სათაურით ახალი ამბების კატეგორიაში პუბლიკაცია განთავსდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე, რომელიც ოფიციალური პირების კომენტარებს ეყრდნობა.
მისი მიხედვით, ოსტინი ევროპული ტურნეს დროს, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში ხაზს გაუსვამს, რომ NATO-ს კარი ღიაა და მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ცვლილებები მათთვის საჭირო თავდაცვითი ალიანსის წევრობისთვის.
„ოსტინი ასევე აპირებს, ხაზი გაუსვას საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლს ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. სამივე ქვეყანა, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეწვევა, ესაზღვრება შავ ზღვას და ოსტინი მათ ლიდერებთან ისაუბრებს შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ და შეეცდება, გააძლიეროს თანამშრომლობა ამ ხალხებს შორის“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
თავდაცვის მდივანი, ლოიდ ჯეი ოსტინი III ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში, ასევე ეწვევა ბელგიას NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 20-21 ოქტომბერს გაიმართება.
პენტაგონის მიერ, 15 ოქტომბერს გავრცელებულ თავდაპირველ განცხადებაში თავდაცვის დეპარტამენტი აღნიშნავდა, რომ ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს მტკიცედ უჭერს მხარს შავი ზღვის მნიშვნელოვან რეგიონში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ფონზე.
„თავდაცვის მდივანი მოუთმენლად ელის კოლეგებთან და სხვა მაღალი რანგის მოხელეებთან შეხვედრას, რათა განამტკიცოს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება უსაფრთხო, სტაბილური და წარმატებული ევროპის მიმართ.
საქართველოში, სახელმწიფო მდივანი ოსტინი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნოს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით. ლიდერები განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში.
უკრაინაში, მდივანი შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და თავდაცვის მინისტრ ანდრი ტარანს, რათა დაადასტუროს ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ უკრაინის თავდაცვისა და თავდაცვის ინდუსტრიის რეფორმების განხორციელების პროგრესს, რომელიც აუცილებელია ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და შავის ზღვის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან რეგიონული თანამშრომლობის განსამტკიცებლად.
რუმინეთში, მდივანი ოსტინი შეხვდება პრეზიდენტ კლაუს იოჰანისსა და ეროვნული თავდაცვის მინისტრ ნიკოლაე ჩუკას, რათა დაადასტუროს ერთგულება ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობისა და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის მიმართ, აღნიშნოს რუმინეთის ლიდერობა ალიანსში პასუხისმგებლობის განაწილების კუთხით და გაუზიაროს მოსაზრებები შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონულ თანამშრომლობაზე. თავდაცვის მდივანი ასევე ეწვევა აშშ-ის როტაციულ ძალებს მიჰაილ კოგალნიჩანუს საჰაერო ბაზაზე.
ბელგიაში, მდივანი ოსტინი პირველად დაესწრება პირადად NATO-ს თავდაცვის მინისტერიალს, სადაც ის შეხვდება მოკავშირე კოლეგებსა და გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. სახელმწიფო მდივანი ოსტინი ყურადღებას გაამახვილებს NATO- ს სამხედრო ადაპტაციის განვითარებაზე და სამომავლო გამოწვევებისთვის ალიანსის მზადყოფნის უზრუნველყოფაზე. ის განამტკიცებს შეერთებული შტატების ერთგულებას NATO-ს მიმართ და ხაზს გაუსვამს შტატების ფუნდამენტურ როლს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში.
გარდა ამისა, მდივანი ოსტინი გამოიყენებს შესაძლებლობას, ვიზიტის დროს მოინახულოს თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყანაში, გაეცნოს მათ როლს რეგიონში, მადლობა გადაუხადოს მათ და მათი ოჯახის წევრებს თავდაცვის დეპარტამენტის მისიასა და ქვეყნის თავდაცვაში შეტანილი წვლილისთვის“, - აღნიშნული იყო პენტაგონის განცხადებაში.
პირველად 12 ოქტომბერს დააანონსა თავდაცვის დეპარტამენტმა, რომ ლოიდ ოსტინი საქართველოს ეწვევა.