პენტაგონი: ლოიდ ოსტინმა საქართველოში ვიზიტისას აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძესა და პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილა. პენტაგონი ოსტინი ვიზიტის შემაჯამებელი განცხადებას ავრცელებს.

მისი მიხედვით, შეხვედრებზე თავდაცვის მდივანმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება, კერძოდ, ის საფრთხე განიხილა, რაც საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონს რუსეთის მხრიდან ემუქრება.

„თავდაცვის მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. მან ასევე დაადასტურა თავდაცვის დეპარტამენტის ერთგულება უსაფრთხოების საკითხებში მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის შენარჩუნებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლაში დახმარების მიმართ.

თავდაცვის მდივანმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ დიდი წვლილისთვის, რაც მან ავღანეთში უსაფრთხოების და სტაბილურობის დამყარებისთვის აშშ-ისა და NATO-ს ძალისხმევაში შეიტანა“, - აღნიშნავს პენტაგონი.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს გუშინ სტუმრობდა.

ამავე თემაზე

აშშ-მ საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი ფაზა ახალი ინიციატივით დაიწყო