საია: თბილისის საქალაქო სასამართლომ კახა კუჭავა გაათავისუფლა ჯარიმის გადახდისაგან და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა

„თბილისის საქალაქო სასამართლომ კახა კუჭავა გაათავისუფლა ჯარიმის გადახდისაგან და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა“, - ამასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს ინფორმაციას.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ,,ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადით გამოცხადდა, რაც აგიტაციას წარმოადგენს და ითვალისწინებს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

დარღვევასთან დაკავშირებით ცესკომ საიას საჩივრის საფუძველზე შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი განხილვისათვის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა საკითხი და კახა კუჭავა გაათავისუფლა ჯარიმის გადახდისაგან და მას მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

საია უარყოფითად აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ამგვარი ლოიალური მიდგომა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ჩადენილ აშკარა სამართალდარღვევაზე, უარყოფითად აისახება საარჩევნო სამართალდარღვევების პრევენციაზე“, - აღნიშნულია ტექსტში.

გადაწყვეტილებას თავად კახა კუჭავაც გამოეხმურა.

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ სიმბოლიკის ამსახველი პირბადით შესვლა მექანიკური შეცდომა იყო და მიზნად არ ისახავდა წინასაარჩევნო აგიტაციას, ეს იყო კანონდარღვევა, რაც სასამართლომ დაადასტურა და სიტყვიერი გაფრთხილება მომცა. თუმცა, მართებულად მიმაჩნია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა, 2000 ლარის ოდენობით გადავიხადო და ეს თანხა ,,სოლიდარობის ფონდს“ გადავურიცხო“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე Facebook-ზე განთავსებულ ტექსტში.

„დილით, 8 საათზე, შევეცადე, ტრადიციულად, პირველი მივსულიყავი უბანზე. ნამდვილად არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე. ფაქტია, რომ ეს დარღვევა იყო. ვიცი, შესაბამისი რეაგირება იქნება და როგორც ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს“, - აცხადებდა თავად კახა კუჭავა აგიტაციის წესის დარღვევის შემდეგ.

ამავე თემაზე:

ცესკო: პარლამენტის თავმჯდომარემ აგიტაციის წესი დაარღვია