19 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა, რომელიც საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია.
მხარეებმა განიხილეს NATO-ს აქართველოს თანამშრომლობის ყველა აქტუალური საკითხი. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და აღინიშნა, რომ ასპირანტი საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო და თავსებადი პარტნიორია. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოს. კიდევ ერთხელ აღინიშნა ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამასთან, ხაზი გაესვა ავღანეთიდან ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში საქართველოს მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს, რისთვისაც ხავიერ კოლომინამ ქართული მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა.
ხავიერ კოლომინა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან, თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში რეგიონში პირველი ვიზიტის დროს, საქართველო მმასპინძლობს. გუშინ აზერბაიჯანში ვიყავი, ხვალ საღამოს კი სომხეთის დედაქალაქ ერევანში გავემგზავრები. მე მსურდა გამემართა შეხვედრები ამ მნიშვნელოვანი პარტნიორის უმაღლეს წარმომადგნელებთან. მოგეხსენებათ, საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს ის პარტნიორია, რომელიც უკვე სარგებლობს ჩვენს ხელთ არსებული ყველა პრაქტიკული მექანიზმით.
ჩვენ გვსურს, რომ გვქონდეს ყოვლისმომცველი ურთიერთობა საქართველოსთან. ამ კუთხით, მე ბატონ ზალკალიანსაც განვუცხადე და მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი მადლიერება იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც თქვენმა ქვეყნამ ბოლო წლების მანძილზე შეიტანა ავღანეთში, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა კონტრიბუტორმა ქვეყანამ.
ასევე აღსანიშნავია საქართველოს როლი ბოლო კვირების მანძილზე ავღანეთიდან განხორციელებულ ევაკუაციის პროცესში. ნება მომეცით ხაზი გავუსვა NATO-ს როლს, როგორც 2008 წელს, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების, ისე საქართველოს, საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონტექსტში", - განაცხადა NATO-ს გენმდივნის წარმომადგენელმა.