ლორენს მერედიტი: ევროკავშირი 80 000 მცირე და საშუალო ქართულ საწარმოს დაეხმარება

ევროკავშირის დაფინანსებით ხუთი ახალი პროექტი იწყება. ერთ-ერთი პროექტი მცირე და საშუალო საწარმოებისა და ინოვაციურ განვითარებას ემსახურება.

ამის შესახებ, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა ლორენს მერედიტმა განაცხადა.

"პროექტის ფარგლებშიც, 80 000 მცირე და საშუალო საწარმოს დავეხმარებით, რათა მათ გამოიყენონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალი. კიდევ ერთი პროექტი კი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის ორ საყრდენს ემყარება. ეს არის ინვესტიცია და მმართველობა. ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა სფეროში. ეს არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და ჩვენ გვჯერა, რომ მმართველობის რეფორმები აუცილებელია, არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, თანაბარი საასპარეზო პირობების შესაქმნელად, ინვესტორების მოსაზიდად და საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსატანად. ჩვენ ვხედავთ, რომ არ არის თანასწორი განვითარება დიდ ქალაქებსა და რეგიონებს შორის, ხანდახან ეს არის ხუთჯერ და ათჯერ განსხვავებული, ამიტომ ჩვენ წავალთ იმერეთის გავლით აჭარაში, ვეწვევით ევროკავშირის ბენეფიციარებს, რათა განვიხილოთ სხვადასხვა პროექტი. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, საქართველო და ევროკავშირი ერთად უფრო ძლიერები არიან“, – განაცხადა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლორენს მერედიტმა.

ლორენს მერედიტი: საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხუთი ახალი პროექტი განხორციელდება

ევროკომისიის წარმომადგენელი: ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის და ადამიანის უფლებათა სფეროში