ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას, ფუნდამენტური უფლებების დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებს. მისი თქმით, მთავარია ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რაც მათ შორის გულისხმობს პატიმრის უფლებებსა და პირობებს, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
ელჩს ამ საქმის ირგვლივ ევროპარლამენტარების შეფასებებსა და მასზე მთავრობის რეაქციაზე ჰკითხეს. მან უპასუხა, რომ ევროკავშირის მოლოდინია, ასეთი პროცესები კანონის უზენაესობის ფარგლებში განიხილებოდეს.
„როგორც ყოველთვის ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ ინდივიდუალურ წერილებთან დაკავშირებით ისევე, როგორც კომენტარებს კომენტარების შესახებ. ის ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ წერილს, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის მუშაობაში და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც საქართველოსთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, ევროკავშირის მიდგომაა, რომ ეს უნდა განიხილებოდეს კანონის უზენაესობის ფარგლებში, გამჭვირვალედ. ასევე მივყვებით ისეთი ინსტიტუციების რჩევას, როგორიცაა სახალხო დამცველი, ვინც არის ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ძირითადი ინსტიტუცია. მთავარია ის, რომ ფუნდამენტური უფლებები უნდა იყოს დაცული, სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი, კანონის უზენაესობის შესაბამისად“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს ბათუმში.
ამავე თემაზე:
ანა ფოტიგა: მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის