პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენა არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუება“. „ეს ფარსი, რომელიც ვიხილეთ, არის „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის პრეზენტაცია, 30 ოქტომბერს ისინი სასტიკად დამარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისშიც და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდ განვითარებას“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
„მათ ჰგონიათ, რომ ისევე, როგორც ატყუებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს სამწუხაროდ და საუბედუროდ, თავიანთი პროპაგანდისტული მანქანებით, ასევე ეგონათ, რომ მოატყუებდნენ. რომელ ნორმალურ ადამიანს შეეძლო, დაეჯერებინა ის ფარსი, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. არც ერთი არ იყო მანდ სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძისა, რომელიც ასევე ფიქტიურად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი. ნებისმიერ ბიზნესმენს ჰკითხეთ, მამუკა ხაზარაძე იყო ჩვეულებრივი შემსრულებელი მძიმე ფინანსური დანაშაულებისა.
აქედან გამომდინარე, ეს ფარსი, რომელიც ვიხილეთ, არის „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის პრეზენტაცია, რა კომენტარი შეიძლება ამაზე გავაკეთო, გარდა იმისა, რომ 30 ოქტომბერს ისინი სასტიკად დამარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისშიც და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდ განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
„ისინი საკუთარ თავს ატყუებენ, აჯერებენ და შემდეგ ცდილობენ, ერთგვარი განცდა შექმნან, მათ შორის უცხოელების თვალში, რომ რაღაც კოალიციური მთავრობის ერთგვარი ჩანასახი გააკეთეს თუ რაღაც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველაფერი ნათელი და ცხადია ყველასთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ძალიან დიდი სასაცილო იყო, რომ ადამიანი გამოდის და კონკრეტული ადამიანები წარადგინა, რომ ესენი იქნებიან კონკრეტულ თანამდებობაზეო, მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოში უმრავლესობა არის „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი და მე, როდესაც გავიმარჯვებ და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს, მოადგილეებად, სამსახურის უფროსებად, ეს უნდა დაამტკიცოს დედაქალაქის საკრებულომ. გუშინდელი კოალიცია არის ჩვეულებრივი ნაციონალური მოძრაობა - დაშლილი და შეერთებული“, - განაცხადა ჟურნალისტებთან მოქმედმა მერმა და კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილიდან თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კოალიციური გუნდი წარადგინა.
მან მერის მოადგილეობის 4 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. მის გარდა, მოადგილეობის კანდიდატები არიან: ელენე ხოშტარია - „დროა“, ირაკლი აბესაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლება“.