ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართველი სამხედროები უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მისმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გააცილეს.
უმაღლესმა მთავარსარდალმა ქართულ კონტინგენტს მისიაში საქართველოს დროშა გაატანა, კოალიციურ ძალებთან ერთად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
,,მოგესალმებით,ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო,კაპრალებო, რიგითებო,ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში თქვენი გაცილება. დიდი პატივია, რადგან, თქვენ იქ თქვენი ქვეყნისთვის, საერთაშორისო, გლობალური უსაფრთხოების, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალებისა და მათი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის ძალიან მაღალ მისიას ასრულებთ.
ის შეფასება, რაც ჩვენ, რამდენიმე დღის წინ, ჩვენი პარტიორებისგან, ნატოს პარტნიორებისგან მივიღეთ, დიდწილად თქვენი დამსახურებითაა. თქვენი რეპუტაცია ჩვენი ძველი, ტრადიციული სამხედრო გმირობის რეპუტაციაა, რომელიც დღემდე გრძელდება, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ!დღეს მსოფლიო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა - პანდემიის გამოწვევის წინაშე, და ის ფაქტი, რომ საქართველო თავის ვალდებულებას ამ პირობებშიც ასრულებს, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრზე მეტყველებს.
მინდა, ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ.მინდა, გისურვოთ წარმატებები, გისურვოთ შემართება, მშვიდობიანი დაბრუნება სამშობლოში და თქვენს ოჯახებში. მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა ყველას: თქვენც და ჩვენც, და ვიცი, რომ თქვენი მისია წარმატებული იქნება! ღმერთი გფარავდეთ!“, - მიმართა პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს.
მშვიდობისმყოფელთა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის (RSM) გადასროლისწინა ოთხთვიანი ინტენსიური სწავლების სხვადასხვა ფაზა და დასკვნითი მომზადება საქართველოში გაიარა. აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს. ქართული ასეული საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ავღანეთში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.