„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა

ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით შეიქმნა.

„საფინანსო განვითარების კორპორაცია (DFC) აშშ-ის მთავრობის ინსტიტუტია, რომელმაც სიამაყით დააფინანსა საქართველოში ამერიკელების მიერ მართული პირველი საავადმყოფო - „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ (AHT).

ეს ჰოსპიტალი გააძლიერებს ჯანდაცვის მომსახურების სფეროს საქართველოში, მათ შორის კარდიოლოგიის, ნევროლოგიისა და ონკოლოგიის მიმართულებით. ყოველწლიურად, AHT 220,000 პაციენტს მოემსახურება, მათ შორის ბევრს, ვინც სამედიცინო მომსახურებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრებას ამჯობინებდა.

ამასთანავე, AHT საქართველოში ასობით სამუშაო ადგილს შექმნის. ეს პროექტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამერიკის ერთგულებას საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ხალხის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისადმი“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ტექსტში.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ 25 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, ჰოსპიტალში ამ ეტაპზე 183-საწოლია განთავსებული.

მინისტრ ნათია თურნავას თქმით, მისასალმებელია, რომ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ შექმნისთვის განხორციელებული ინვესტიციის დიდი ნაწილი - დაახლოებით 18 მილიონი დოლარი აშშ-ის მთავრობამ, კერძოდ საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ გამოყო.