ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტის შემდეგ: აუცილებლად განვაგრძობთ გზების ძიებას NATO-ს ჩართულობის გასაძლიერებლად

"აუცილებლად განვაგრძობთ გზების ძიებას NATO-ს ჩართულობის გასაძლიერებლად"- ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ხავიერ კოლომინამ საქართველოდან გამგზავრების შემდეგ twitter-ზე დაწერა.

"გუშინ დავემშვიდობე საქართველოს, პრემიერ-მინისტრთან შესანიშნავი შეხვედრის შემდეგ. აუცილებლად განვაგრძობთ გზების ძიებას NATO-ს ჩართულობის გასაძლიერებლად. მალე დავბრუნდები",- წერს ხავიერ კოლომინა, რომელიც ჯეიმს აპატურაის ადგილზე სექტემბერში დაინიშნა.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია. ტექსტი მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განათავსა.

"საქართველოში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტისას, მქონდა შესანიშნავი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ, ირკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, პარლამენტის წევრებთან. როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთან ერთად, ასევე ვეწვიე „ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს“, რამაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია", - აცხადებს კოლომინა, რომელიც საქართველოს ბრიუსელში დაგეგმილ თავდაცვის მინისტერიალამდე ეწვია.

"გავაგრძელებთ მუშაობას, თუ როგორ შეგვიძლია საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება, როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა", – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველო რჩება NATO-სთვის ძალიან ახლო და ძალიან ღირებულ პარტნიორად. ჩემი სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ძალიან გამოცდილი დიპლომატია, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ მუშაობს NATO და ასევე, როგორ შეგვიძლია პარტნიორობის გაძლიერება საქართველოსთან, როგორ ვიმუშაოთ მჭიდროდ ქვეყნებთან რეგიონში. მე მას ვიცნობ, როგორც ძალიან მცოდნე დიპლომატს, რომელსაც შეუძლია იმ ძალისხმევის მხარდაჭერა და დახმარება, რომელსაც ნატო ახორციელებს ამ რეგიონში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება, თუ როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. მე ველოდები ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან მუშაობას ამის გასაკეთებლად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

NATO-ს თავდაცვის მინისტერიალი ბრიუსელში 21-22 ოქტომბერს გაიმართება.

ხავიერ კოლომინა: NATO-ს სურს, რომ ჰქონდეს ყოვლისმომცველი ურთიერთობა საქართველოსთან