გახდება თუ არა COVID19-ზე ტესტი ფასიანი

გახდება თუ არა COVID19-ზე ტესტი ფასიანი, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, რომ შესაძლოა, მოგვიანებით ვითარება შეიცვალოს.

„არა, ფასიანი ჯერჯერობით არ გახდება, მერე ვნახოთ. ორნაირი რეაგირება შეიძლება, მოახდინოს სახელმწიფომ - გაამკაცროს შეზღუდვები და სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს. ეს განიხილება, მაგრამ უარყოფილია. ანუ ჯერ არ არის მზაობა, რომ დააწესოს სავალდებულო ვაქცინაცია ცალკეული ჯგუფებისთვის, პირველ რიგში, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ორსულებისთვის და ა.შ.

საფრანგეთი, ამერიკა, გერმანია, იტალია ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნებია? მაგრამ იძულებული გახდნენ, რომ შემოეღოთ. მიმაჩნია, რომ ან მოსახლეობა გათავისუფლდება ამ სიურეალისტური გავლენებისგან და შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ვაქცინაციის მაჩვენებლის კლება სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო, მანამდე აცრის ყოველდღიური რაოდენობა 30 000-ს აღწევდა.

შეგახენებთ, Astrazeneca-ს ვაქცინის მე-2 დოზის მიღების ბოლო ვადა 31 ოქტომბერია. პირველი ნოემბრიდან, იმ ადამიანებს, რომლებსაც მიღებული აქვთ ამ ვაქცინის პირველი დოზა, ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინით Pfizeri-ით, Sinopharm-ით ან Sinovac-ით ვაქცინაცია შეეძლებათ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 155 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი, 40 გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

თენგიზ ცერცვაძე: თუ ასე გაგრძელდა, სახელმწიფო ისევ იძულებული გახდება, შემოიღოს შეზღუდვები