თურქეთმა აშშ-სგან F-16-ის ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი აცხადებს.
მისივე თქმით, შესაბამისი ტექნიკური სამუშაო უკვე დაწყებულია.;
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აშშ-მ თურქეთს F-35-ის პროგრამაში ინვესტიციების ნაცვლად F-16 ტიპის გამანადგურებლები შესთავაზა.
Reuters-ის ცნობით, როგორც ერდოღანი აცხადებს, თურქეთს კვლავ სურს, „F-35“-ის პროგრამაში მონაწილეობა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა მიაჩნია რომ აშშ-ის მიერ შეთავაზებული F-16-ების შეძენა ქვეყნის საჰაერო დაცვის პოტენციალს მნიშნელოვნად გააძლიერებს.
F-35-ის 100 ავიაგამანადგურებლის შესაძენად, თურქეთმა აშშ-ს 1,4 მილიარდ დოლარის ინვესტიცია გადაურიცხა, თუმცა აშშ-მ თურქეთი F-35-ის პროგრამიდან მას შემდეგ გაიყვანა, რაც ოფიციალურმა ანკარამ რუსეთისგან S-400 ტიპის სარაკეტო სისტემები შეიძინა.
აშშ არაერთხელ დაემუქრა თურქეთს სანქციებით, თუ კვლავ შეისყიდიდა რუსული წარმოების იარაღს, თუმცა ერდოღანის განცხადებით, თურქეთი რუსული წარმოების სარაკეტო სისტემების შეძენას კვლავ გეგმავს.