პრემიერის მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი ევროკავშირის ტრანშზე: გზავნილი, რომელიც ამ გადაწყვეტილებით ინვესტორებმა მიიღეს, გარკვეული არასტაბილურობის მანიშნებელი იყო

ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი აცხადებს, რომ ევროკავშირის 75-მილიონიან სესხზე უარის თქმა ინვესტორებს გარკვეულ კითხვებს გაუჩენდა.

ვაზილ ჰუდაკმა Forbes Talks-თან განაცხადა, რომ ამის შესახებ პრემიერს ღიად ესაუბრა.

„გზავნილი, რომელიც ამ გადაწყვეტილებით ინვესტორებმა მიიღეს გარკვეული არასტაბილურობის მანიშნებელი იყო. ამდენად, ჩემი რჩევა პრემიერის მიმართ იყო, რომ ინვესტორებისთვის მკაფიოდ განემარტა, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რომ მას უარყოფითი გავლენა არ ექნება სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით”.

შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ ჰუდაკმა ასევე აღნიშნა, რომ სტაბილურობის, გამჭვირვალობის, განჭვრეტადობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. აქ მოიაზრება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაც: „ამდენად, რა თქმა უნდა, ღიად ვესაუბრე პრემიერს, რომ ინვესტორების მხრიდან კითხვის ნიშნები იქნებოდა. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის ძნელია იმის განსაზღვრა, რამდენად ადგილობრივი სიტუაციისთვის რელევანტურად წარიმართა მთელი პროცესი. ევროკავშირის შიგნითაც გვაქვს პოლონეთის მაგალითი.

სულ ახლახან საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რიგ შემთხვევებში პოლონეთის კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესია - ეს გადაწყვეტილება არ მოსწონთ ბრიუსელში, ევროკომისიაში. ამდენად მსგავსი შემთხვევები ხდება არამხოლოდ საქართველოში, ევროკავშირის გარეთ არამედ, ევროკავშირის შიგნითაც. ამდენად, მე არ მინდა განვსაჯო რამდენად სწორი ან არასწორი გადაწყვეტილება იყო ეს გადაწყვეტილება - ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გზავნილი, რომელიც ამ გადაწყვეტილებით ინვესტორებმა მიიღეს გარკვეული არასტაბილურობის მანიშნებელი იყო. ამდენად ჩემი რჩევა პრემიერის მიმართ იყო, რომ ინვესტორებისთვის მკაფიოდ განემარტა, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რომ მას უარყოფითი გავლენა არ ექნება სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ჰუდაკმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება და ამის მიზეზად საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს.

მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა.

მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენა საქართველოს მთავრობას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდებოდა და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია.