ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროპის ქვეყნები ზედმეტად არიან დამოკიდებულნი გაზზე

ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განუცხადა, რომ ისინი „ზედმეტად არიან დამოკიდებულნი გაზზე“ მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომლის შედეგადაც გაზის ფასები რეკორდულ მაღალ დონემდე გაიზარდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, შეემსუბუქებინათ დამოკიდებულება ბუნებრივ გაზზე და ხაზი გაუსვა მწვანე ენერგეტიკის აუცილებლობას.

”სუფთა ენერგიაზე სწრაფი გადასვლა ევროკავშირს უფრო დამოუკიდებელ გლობალურ მოთამაშეს გახდის", - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

საგარო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ეკონომიკის გაჯანსაღება შეაფერხოს.

როგორც ბორელმა 14 ოქტომბერს განაცხადა, ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის განცხადებით, ევროკავშირი და რუსეთი ენერგორესურების საკითხში ურთიერთდამოკიდებული არიან, რადგან რუსეთის ბიუჯეტი ევროპაში გაყიდული ბუნებრივი აირისა და საწვავის ხარჯზე მნიშვნელოვან შემოსავლებს იღებს.

„რუსეთი ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ბუნებრივი აირის მოწოდების კუთხით, მაგრამ ის არ აწვდის გაზის დამატებით მოცულობას ევროპულ სისტემას, რაც მას შეუძლია, შესაბამისად, ის ხელს უწყობს ფასების ზრდას. ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს, აფერხებს ეკონომიკის აღდგენას და ძირს უთხრის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მწვანე ენერგიაზე გადასვლის პოლიტიკურ და სოციალურ მხარდაჭერას. ეს ასევე ზრდის ჩვენს დაუცველობას მესამე ქვეყნებთან ურთიერთობებში“, – წერს ჟოზეფ ბორელი, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში მართავს ოფიციალურ შეხვედრებს.

ბორელის თქმით, ევროპის სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნების სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება ძალიან მაღალ ნიშნულზეა. ქვანახშირის შემთხვევაში დამოკიდებულება 70%-ს შეადგენს, ბუნებრივი აირის 90 პროცენტი და ნავთობის 97 პროცენტი მესამე ქვეყნებიდანაა იმპორტირებული. სწორედ ამიტომ ევროკავშირისთვის განახლებად და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ფაზაში ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება მნიშვნელოვანია.