სარფის საბაჟოზე ჯანმრთელობისთვის საშიში იმპორტირებული კარტოფილი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში თურქეთის რესპუბლიკიდან მომავალი, 25 ტონა კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ქვეყანაში არ შემოუშვეს.

მიზეზი კართოფილში არსებული ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები გახდა, რომელიც საბჟოს ლაბორატორიაში აღმოაჩინეს.

"ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ (მონიტორინგის გეგმის შესაბამისად), კარტოფილიდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში, საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა. "საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

საქონლის სიჯანსაღის კონტროლი, რომელიც ითვალისწინებს მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული პარამეტრებით რეგულირებადი ობიექტების ინსპექტირებას, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება", - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.