იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ძალიან ბევრი ქვეყანა მიმართავს სავალდებულო ვაქცინაციას, როდესაც აცრების მაჩვენებელი დაბალია. მისივე თქმით, საქართველოში ვაქცინაციის ტემპი დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ აგვსტოში გვქონდა კარგი მაჩვენებელი, როდესაც ყოველდღიურად იცრებოდა 24-25 ათასი ადამიანი. ახლა ეს მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია, რაც ნიშნავს, რომ რაღაც ღონისძიებაა მისაღები, რომ ეს პროცესი გააქტიურდეს.
ივანე ჩხაიძემ ვაქცინაციის მარათონის დაწყებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა და იმედოვნებს, რომ ეს თვის ბოლოსთვის შედეგს გამოიღებს. ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ თუ ისევ მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნდა ინფექციის გავრცელების, გარკვეული ჯგუფისთვის სავალდებულო ვაქცინაციის განხილვა შესაძლებელია.
„თუ ინფიცირების მაჩვენებელი დარჩა მაღალი, მაშინ ქვეყანამ უნდა აირჩიოს სავალდებულო ვაქცინაციის საკითხის განხილვა, ოღონდ გარკვეულ ჯგუფებში. აქ არ იგულისხმება ყველა. ბევრი ქვეყანა ამ გზას ირჩევს, შეიძლება, ეს იყოს სამედიცინო პერსონალი, მასწავლებელი, საბიუჯეტო დაწესებულებებში მომუშავეები, ბევრ ვარიანტია. ეს არის ის ჯგუფი, სადაც ინფექციის გავრცელების რისკი მაღალია“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ მედიასთან საუბრისას.
„სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მოსაზრეობა ერთია, პრემიერ-მინისტრის - მეორე. სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლებელია, ქვეყანაში დადგეს ისეთი დრო, მაღალი იყოს ინფიცირების მაჩვენებელი, ვერ მოხერხდეს იმუნიზაციის მოცვის გაზრდა და მაშინ შესაძლებელია, სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი განხილული იყოს. მე არ გამოვრიცხავ, შესაძლებელია, ქვეყანას ეს გადასაწყვეტი ჰქონდეს“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, ახლა გაცილებით ნაკლებად მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე ეს იყო 17-დან 25 აგვისტომდე პერიოდში, თუმცა ეპიდვითარება რთულია და საქართველოსთვის ძალიან დიდი მაჩვენებელია 4, 5 ათასი.
„ინფიცირებულთა მატება შეწყდა. ნახტომისებური მრუდი აღარ გვაქვს. აქტიური შემთხვევების რაოდენობა მაშინ 62 000 იყო, ახლა 44 000-ს შეადგენს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთივე მდგომარეობა გვექნება ხვალ და ზეგ“, - განუცხადა ივანე ჩხაიძემ მედიას.
ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციისთვის იძულებითი ღონისძიების საჭიროებას ვერ ხედავს. ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არ გვჭირდება სავალდებულო ვაქცინაცია.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა და დაამატა, რომ ვაქცინაციის მარათონი წარმატებით მიმდინარეობს.
ტიკარაძე ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანა და არა იძულება. მინისტრის თქმით, ეს არის უწყების პოზიცია და საკოორდინაციო საბჭოზეც განიხილება ეს საკითხი. მისივე ინფორმაციით, ასევე ხვალ განიხილება კოვიდპასპორტების საკითხი.
როგორც ცნობილია, NCDC-ს ხელმძღვანელი მხარს უჭერს, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის გახდეს ვაქცინაცია სავალდებულო, რაზეც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სწორედ ეს არის დემოკრატია.
ცნობისთვის, პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ არ დაუშვებს სავალდებულო ვაქცინაციას.
მანამდე კი, ამირან გამყრელიძე უთხრა ჟურნალისტებს, რომ მომხრე „იქნებოდა აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიების“.
„სოფლებში რომ დავდივართ, გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს.
ერთი მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორე მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად და რაღაც ეტაპის შემდეგ შემოაქვს ეს მექანიზმი. მოსახლეობის 35-37 %-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება.
რატომ არ გადავდგით ეს ნაბიჯი აქამდე? ყველაფერს თავის დრო და ფაზები აქვს განვითარების. მოგეხსენებათ, სავალდებულო აცრა რთულად გადასაწყვეტი საკითხია და ძირითადად აცრების დიდ კამპანიებში ეყრდნობა პირველ ეტაპზე აქტიურ კომუნიკაციას და ნებაყოფლობითობას, მაგრამ რაღაც ეტაპზე ყველა ქვეყანას მოუწია ამ სავალდებულობის პირდაპირი თუ ირიბი მექანიზმების შემოტანა. ზოგისთვის ეს იყო მაშინ, როცა მიაღწიეს მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაციას, დასავლეთის ქვეყნებში როცა მიაღწიეს 50-55 %, ჩვენთან კი როგორც ჩანს ეს ზღვარი არის 35-37 % ფარგლებში. ნებაყოფლობითობით მოსახლეობის ამაზე დიდი ნაწილის აცრა გაგვიჭირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.