ეუთოს 27-ე მინისტერიალის ფარგლებში ე.წ. ხუთეულის განცხადება მიიღეს, რომელსაც ხელს ყოფილი, მოქმედი და მომდევნო 3 წლის თავმჯდომარე ქვეყნების წარმომადგენლები აწერენ. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მინისტერიალის ერთგვარ დასკვნით დოკუმენტში პირველად, მრავალი წლის შემდეგ, საუბარია საქართველოში არსებულ კონფლიქტზე, გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზგასმულია საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების სფეროში გაუარესებული მდგომარეობა და გამოხატულია მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ.
ორგანიზაციის ყოფილი, მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განაგრძონ ამ ფორმატში ეუთოს წამყვანი როლის შესრულება, ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად.
„ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ხაზს ვუსვამთ ჩვენს შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო. გამოვხატავთ ურყევ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი (GID), ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის მიზნით; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება უმთავრეს საერთაშორისო პლატფორმად ამ კუთხით და ეუთო მზად არის განაგრძოს ამ ფორმატის ხელმძღვანელობა, ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს.