შს მინისტრის მოადგილე: თუ ვინმეს პოლიტიკური გეგმები აქვს, ბუნებრივია, ისინი ტოვებენ პოლიციას

პოლიცია უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და თუ ვინმეს რაიმე პოლიტიკური გეგმები აქვს, ისინი ბუნებრივია, ტოვებენ პოლიციას, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ მედიასთან, როდესაც რამდენიმე თანამშრომლის მიერ შსს-ს დატოვებაზე დაუსვეს შეკითხვა.

„სამინისტრო არის ძალიან დიდი უწყება, 40 000-მდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, გარკვეული ნაწილი ტოვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხდება ახალი კადრების მიღება. მთავარი პრინციპი რაც არის და კანონის დონეზეა გაწერილი - პოლიცია უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და თუ ვინმეს რაიმე პოლიტიკური გეგმები აქვს, ისინი ბუნებრივია, ტოვებენ პოლიციას და აგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცნობისთვის, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამსახურს პროტესტის ნიშნად ტოვებს. ანალოგიურ ფორმას მიმართეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ჯიმი გაგუამ და საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, გიორგი ბერიშვილმა.

საქმე ეხება თბილისსა და სამეგრელოში მათი კოლეგების დაკავებას, რასაც ისინი უკანონოდ მიიჩნევენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ხობში პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას სახლში იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს. მისივე ცნობით, სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები ჩატარდა.

ფაქტს გამოეხმაურა პრემიერი.

„პოლიცია და ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, რა თქმა უნდა, ყველა კანონდარღვევაზე აკეთებენ რეაგირებას, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი იყო ყოფილი პოლიციელი, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის, თუ ვინმე რაიმე დანაშაულს სჩადის, ყველა აგებს პასუხს“, - განაცხადა თემის კომენტირებისას ირაკლი ღარიბაშვილმა 21 ოქტომბერს.