თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი მიესალმა დასავლეთის ქვეყნების რამდენიმე საელჩოს განცხადებას, შეერთებული შტატების ჩათვლით, რომ ისინი იცავენ დიპლომატიურ კონვენციას და რომ არ ერევიან მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში.
განცხადებები გაკეთდა თითქმის ერთდროულად, როდესაც ერდოღანი შევიდა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რათა განეხილათ 10 ელჩის გაძევების საკითხი, ეს იქნებოდა ნაბიჯი, რომელიც გახსნიდა თურქეთის ღრმა დიპლომატიურ უთანხმოებას დასავლეთთან ბოლო 19 წლის განმავლობაში.
„შეერთებული შტატები აღნიშნავს, რომ იცავს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლს”, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს Twitter- ზე.
დანარჩენმა ცხრა საელჩომ (გერმანია, საფრანგეთი, კანადა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვედეთი, დანია, ფინეთი) ასევე გამოაქვეყნეს მსგავსი შეტყობინებები ან ხელახლა გამოაქვეყნეს აშშ-ის გზავნილი.
„დიპლომატიური მისიების ამ პრინციპით მუშაობა ყოველთვის მისასალმებელია მათსა და ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გაუმჯობესების თვალსაზრისით", - განაცხადა ომერ ჩელიკმა, პრეზიდენტ ერდოღანის AK პარტიის წარმომადგენელმა, საელჩოების განცხადების კომენტირებისას.
ერდოღანის ბრძანება საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ არ შეუსრულებია, თუმცა საკითხს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.
ორშაბათს განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, თურქულმა ლირამ ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულს, 9.85 აშშ დოლარს მიაღწია.
დასრულდა თუ არა კრიზისი
ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი „მოგვარებულია“, - განუცხადა ადგილობრივ მაუწყებელს ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (METU) საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა ჰუსეინ ბაღჯიმ.
დიპლომატიური წყაროების თქმით, საელჩოები ამას იმედოვნებენ, მაგრამ გაურკვეველია, რას გადაწყვეტს ერდოღანი საბოლოოდ. თურქეთის სახელმწიფო მედიამ საელჩოების განცხადება დასავლური ქვეყნების მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
საგულისხმოა, რომ 10 ელჩი წარმოადგენს NATO-ს მოკავშირეებს, სავაჭრო პარტნიორებს და ევროკავშირის წევრებს, რომლისკენაც თურქეთი მიისწრაფვის ბლოკთან არსებული უთანხმოების გაღრმავების მიუხედავად.
უნალ ჩევიკოზმა, ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) დეპუტატმა და თურქეთის ყოფილმა ელჩმა Twitter-ზე დაწერა: „გასაგებია, რომ 10 ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების თავიდან აცილების მცდელობებმა შედეგი გამოიღო. დიპლომატიის წარმატება კიდევ ერთხელ დავინახეთ“.
ბიზნესმენი ოსმან კავალა ოთხი წელია, ციხეშია, ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება და 2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა.
თავად ბიზნესმენი და ფილანტროპი აცხადებს, რომ აღარ დაესწრება მის სასამართლო პროცესს, რადგან პრეზიდენტის ბოლოდროინდელი კომენტარების შემდეგ სამართლიანი განხილვა შეუძლებელია.
თურქეთის ეკონომიკასთან დაკავშირებით, ინვესტორების შეშფოთებას დიპლომატიური დაძაბულობა დაემატა მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ბანკმა, ერდოღანის ზეწოლის ქვეშ, გასულ კვირას, მოულოდნელად შეამცირა საპროცენტო განაკვეთები 200 პუნქტით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია თითქმის 20%-მდე გაიზარდა.
პარლამენტის სპიკერმა მუსტაფა სენტოპმა დღეს განაცხადა, რომ ელჩების განცხადება მიუთითებს აშკარად უპატივცემულო ჩარევაზე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კავალას გათავისუფლება ორი წლის წინ მოითხოვა და თქვა, რომ არ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან დანაშაული ჩაიბიდა, დაკავების მიზანი კი მისი გაჩუმება იყო.
მასალა მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.
ამავე თემაზე
ექსკლუზივი: აშშ ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საკითხზე თურქეთისგან განმარტებებს ითხოვს