აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილება, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს ელჩები, თურქეთის მთავრობაში განხეთქილებას ასახავს. Europetime-თან საუბრისას, მეთიუ ბრაიზა ამ დაპირისპირების ერთ-ერთ ბოლო გამოვლინებად თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენას მიიჩნევს. კერძოდ, ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ახლა ერდოღანი მთავრობაში არსებული ორი ბანაკიდან იღებს რჩევებს, ერთი, რომელიც ეწინააღმდეგება ურთიერთობების გაუმჯობესებას განსაკუთრებით აშშ-სთან და მეორე, რომელსაც ამ ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი აქვს. ამასთან, მეთიუ ბრაიზას აზრით, არიან ისეთებიც, ვინც შესაძლოა, სხვა მიმართულებით, ხშირად კი, რუსეთისკენ იყურებოდეს.
„მოდით, გავყვეთ დეტალურად, რა თქვა თურქეთის მთავრობამ. პრეზიდენტი ერდოღანი აკეთებს განცხადებას, რომ ავალებს საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუს, გამოაცხადოს ელჩები, მათ შორის აშშ-ის ელჩი პერსონა ნონ გრატად.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა მოაგვაროს ეს სიტუაცია. პრეზიდენტმა ერდოღანმა არ მოითხოვა მათი გაძევება. თავის მხრივ, აშშ-ის საელჩო კომენტარისგან თავს იკავებს.
რა შეიძლება ითქვას? შესაძლოა, ელჩები არ გააძევონ, მაგრამ პრეზიდენტი ერდოღანი მათ უბრალოდ პერსონა ნონ გრატად აცხადებდა, რაც ქვეყნისთვის არასასურველ პიროვნებას ნიშნავს. ცალკე პროცედურაა მათი გაძევება. ასე რომ, ისინი შეიძლება კვლავ დარჩნენ ქვეყანაში.
თუ გავიხსენებთ თურქეთის ურთიერთობას მის მოკავშირეებთან, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან, 10 დასავლური ქვეყნის ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება ჯერ კიდევ უპრეცედენტო მოვლენაა. ვფიქრობ, რომ ეს ასახავს თურქეთის მთავრობაში არსებულ განხეთქილებას, კერძოდ მათ შორის, ვისაც სურს ურთიერთობების გაუმჯობესება, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან და მათ, ვისაც ამის სურვილი არ აქვს.
და მათ, ვინც შესაძლოა, სხვა მიმართულებით იყურებოდეს, ხშირად - რუსეთისკენ", - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე.
მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ ეს განხეთქულება გამჟღავნდა, მაგალითად, თურქეთის მიერ რუსეთისგან სარაკეტო სისტემის შეძენის დროს.
ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, მაშინ, ზოგიერთი, თურქეთის მთავრობაში თვლიდა, რომ ეს იქნებოდა შეცდომა და ჰგავდა თურქეთის მოძრაობას რუსეთის მიმართულებით, ზოგი კი ამას მხარს უჭერდა. თავად პრეზიდენტმა ერდოღანმა კი, როგორც ცნობილია, აღნიშნული, რუსული სარაკეტო სისტემის შეძენა არჩია, რითაც გამოიწვია სანქციები და სასჯელი შეერთებული შტატების მხრიდან, როდესაც ვაშინგტონმა თურქეთი გაიყვანა F-35 რეაქტიული პროგრამიდან.
„თურქეთმა მიმართა შეერთებულ შტატებს მისი არსებული საბრძოლო თვითმფრინავების მოდერნიზაციის მიზნით, რადგან NATO მოკავშირე ცდილობს, გააუმჯობესოს თავისი საჰაერო ძალები F-35 თვითმფრინავების შესყიდვის ჩაშლის შემდეგ, აცხადებენ საკითხთან დაკავშირებული წყაროები.
მაგრამ ბოლო კვირებში გავრცელდა ხმები, რაც ვფიქრობ, რომ შესაძლოა, სიმართლეც იყოს. კერძოდ, თურქეთს და შეერთებულ შტატებს სერიოზული კონსულტაციები აქვთ ამ განხეთქილების დასაძლევად. ეს დავა არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა და გამოწვევა აშშ-თურქეთის ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, თურქეთმა შეიძინოს F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავები აშშ-სგან. ეს ჩანს კიდეც აშშ-სა და თურქეთს შორის დავის განმუხტვის გზად“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა.
ასევე წაიკითხეთ: თურქეთმა აშშ-სგან F-16-ის ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის პროცედურა დაიწყო
ის მიუთითებს, რომ თურქეთის მთავრობაში, გარკვეულ, მაღალ წრეებს არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება, აქედან გამომდინარე, ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსანი თურქეთის პრეზიდენტს მიმართავს: „მე მინდა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს, როდესაც აშშ-მ და ევროპის ქვეყნებმა გადადგეს ეს გაბედული ნაბიჯი ოსმან კავალას გათავისუფლების მოთხოვნით, თქვენ უნდა აჩვენოთ მათ, რომ ახლა თურქეთი არ აპირებს ვითარების დაძაბვას.
მე არ ვცდილობ, სურათი წარმოვაჩინო როგორც - აშშ რუსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ. რასაც მე ვამბობ, ისაა რომ, თურქეთის მთავრობის შიგნით, წინააღმდეგობრივი რაღაცები ხდება, რაც აჩვენებს ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებს აშშ-სთან და ურთიერთობების გაუმჯობესების - ევროპასთან.
აშშ-ს ელჩის და სხვების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება კი, სრულიად ეწინააღმდეგება ნორმალიზების გზას. უბრალოდ, პრეზიდენტი ერდოღანი რჩევებს იღებს ორი, განსხვავებული ბანაკიდან.
აშშ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალურ რელსებზე დაბრუნების პერსპექტივა ბუნდოვანი გახდება, თუ თურქეთი ელჩს გაიწვევს, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაცია თუ გადაწყვეტს, თურქეთს მიჰყიდოს F-16-ის ტიპის გამანადგურებლები, კონგრესისთვის წარმოუდგენელი იქნება, მხარი დაუჭიროს ამ წინადადებას თურქეთის პოლიტიკური გადაწყვეტილების ფონზე. თავის მხრივ, ამას ამბოხების ეფექტი მოჰყვება თავად თურქეთის მთავრობაში, რომელიც იტყვის, თუ არ მოგვყიდით F-16-ს, არჩევანს რუსეთის შემოთავაზებაზე გავაკეთებთ, რაც კიდევ უფრო დააზიანებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს“, - მიიჩნევს მეთიუ ბრაიზა.
შეგახსენებთ, აშშ ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საკითხზე თურქეთისგან განმარტებებს ითხოვს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-თან გააკეთა კომენტარი თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს დასავლეთის ქვეყნების 10 ელჩი, რომელთა შორის ასევე არის აშშ-ის ელჩი. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთისგან გადაწყვეტილებაში სიცხადის შეტანას და განმარტებებს ითხოვს. დეპარტამენტი ახლა დიპლომატიურ არხებს იყენებს, რომ ანკარისგან ვითარებაში გასარკვევად პასუხი მიიღოს.
„ჩვენ ვიცით ამ ცნობების შესახებ და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განმარტებებს ვითხოვთ“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამეტის პრესსპიკერმა Europetime-ს.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უბრძანა, დასავლეთის ქვეყნების 10 ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. ეს ეხებათ ელჩებს, რომლებიც მოითხოვდნენ თურქი ბიზნესმენის, ოსმან კავალას გათავისუფლებას. მაგალითად, კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩები.