ვენესუელის მოსახლეობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ირჩევს. France24 წერს, რომ არჩევნებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტები აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ნიკოლას მადურო ცდილობს, ვენესუელის კიდევ ერთი სამთავრობო უწყება ჩაიგდოს ხელში. ამ კრიტიკის საფუძვლად არჩევნების მოსალოდნელი გაყალბება იქცა.
ოპოზიციურ ძალთა უმრავლესობა, რომლის სათავეში ხუან გუაიდოა, საპარლამენტო არჩევნებში არ მონაწილეობს, რადგან არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.
გუაიდოს ოპოზიციური მოძრაობა არჩევნების შემდეგ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. შეკითხვა კი ასეთი იქნება: გსურთ თუ არა მადუროს მმართველობის დასასრული და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები.
„არც მადურო და არც გუაიდო არიან პოპულარულები ვენესუელებში, რადგან ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, ნავთობის უზარმაზარი მარაგების მიუხედავად. ბოლო წლებში, 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, რაც მსოფლიოში ყველაზე დიდი მაჩვენებელია, ომისგან განადგურებული სირიის შემდეგ“, - წერს ფრანგული მედია.
შაბათს, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ განაცხადა, რომ კვირას დაგეგმილი არჩევნები გაყალბებულია.
„ეს არჩევნები ემსახურება მხოლოდ მადუროს მიერ ხელისუფლების შენარჩუნებას და არაფერი აქვს საერთო ვენესუელელი ხალხის უკეთესი მომავლის შექმნასთან,” - ნათქვამია განცხადებაში.