იმ ფონზე, როდესაც NATO შავი ზღვის რეგიონში თავისი პოზიციების გაძლიერებას ცდილობს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომელთა ნაწილი ასევე NATO-ს წევრი ქვეყნები არიან, ბუნებრივ აირზე ფასი გაუძვირდათ. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კანდიდატი ქვეყანა მოლდოვა კი იძულებულია, ბუნებრივ აირზე შექმნილი დეფიციტის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, რადგან გაზპრომი კონტრაქტის განახლებას უჭიანურებს. მოლდოვა, რომელიც უკრაინასთან და საქართველოსთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, იძულებულია რუსეთისგან ოთხჯერ უფრო ძვირად იყიდოს გაზი.
ბუნებრივ აირზე ფასის მატებას ასევე წინ უძღვის აშშ-სა და გერმანიას შორის „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტზე გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გერმანია ვალდებულია, ზომები მიიღოს, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება, ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. ეს მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას, როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი2-ის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი უკვე დაუჭირა.
ექსპერტების განმარტებით, „სამხრეთ კავკასიური დერეფნის“ ამოქმედების შემდეგ, იტალიასა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე „გაზპრომის“ მონოპოლია შესუსტდა. ამიტომ რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდას და დანაკლისის ანაზღაურებას „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტით გეგმავს, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის საკითხებზე Europetime ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტს გიორგი ჭაღიაშვილს და სტრატეგიული ანალიზის ცენტრის აღმასრულებელი საბჭოს წევრს, ელჩ ვალერი ჩეჩელაშვილს ესაუბრა.
როგორც Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა განუცხადა, ეს არის საკმაოდ რთული პოლიტიკური თამაში, სადაც ერთმანეთში გადახლართულია პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები, ენერგოუსაფრთხოების ფაქტორები და ა.შ, მაგრამ რეალურად იმისთვის, რომ ევროპამ რუსეთს ხელიდან გამოაცალოს ენერგობერკეტები, მან უნდა იმუშაოს დივერსიფიცირების რეალურ ვარიანტების განვითარებაზე.
ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, დღევანდელი პოლიტიკით, რუსეთი ცდილობს განახორციელოს თავისი სტრატეგიული მიზნები და ტაქტიკური ამოცანები.
„სტრატეგიული არის ის, რომ ამ კრიზისის შექმნით მოქმედებაში შეიყვანოს "ჩრდილოეთ ნაკადი 2". ტაქტიკური მიზანი არის ის, რომ ისარგებლოს, ხელი მოითბოს ხელოვნურად გაბერილ ფასებზე.
დღესდღეობით ევროპის ბაზრებზე, რუსული გაზის მიწოდების სამი საშუალება არსებობს. ერთი ეს არის უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემა, მეორე, რომელიც არის იამალი-რუსეთი- ბელორუსი პოლონეთის საშუალებით და მესამე ჯერ კიდევ მწყობრში არ ჩამდგარი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“, უკვე არსებულ "ჩრდილოეთ ნაკადი 1"-თან. ევროპაში გაზზე მოთხოვნა იზრდება, იმიტომ რომ ზამთრისთვის შესაბამისი მარაგები შექმნილი არ არის და საკმაოდ ცივი ზამთრის მოლოდინია. შესაბამისად ამან გამოიწვია გაზზე აჟიოტაჟური მოთხოვნა. ნორმალური პარტნიორი ამ შემთხვევაში არსებულ გაზსადენებზე, მოითხოვდა მეტ სატრანზიტო მოცულობას და ევროპას მიაწვდიდა მეტ დამატებით გაზს. მაგრამ რუსეთი თავისი მოქმედებებით კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ მისთვის გაზის მიწოდება არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური იარაღი, რისი საშუალებითაც ცდილობს თავისი პოზიციების გამყარებას ევროპის ბაზარზე და არა მხოლოდ ბაზარზე, ზოგადად ევროპაში თავისი პოლიტიკური გავლენების გაძლიერებას.
ეს რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერსპექტივებში, რუსეთს რაღაც დივიდენდებს მოუტანს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში დააჩქარებს ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესუსტებას“, - განუცხადა Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა და დასძინა, რომ რუსეთის ეს ქმედება ევროკავშირს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების მოსახსნელად ახალი პროექტის დაჩქარებისკენ უბიძგებს.
ევროპაში გაზის გაძვირებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის საფრთხე და ევროკავშირის მხრიდან გამოსავლის ძიების გზები, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესასუსტებლად
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
როგორც ბორელი განმარტავს, რუსეთი ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ბუნებრივი აირის მოწოდების კუთხით, მაგრამ ის არ აწვდის გაზის დამატებით მოცულობას ევროპულ სისტემას, რაც მას შეუძლია, შესაბამისად, ის ხელს უწყობს ფასების ზრდას.
"ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს“, - აცხადებს ბორელი
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განუცხადა, რომ ისინი „ზედმეტად არიან დამოკიდებულნი გაზზე“ მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომლის შედეგადაც გაზის ფასები რეკორდულ მაღალ დონემდე გაიზარდა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, შეემსუბუქებინათ დამოკიდებულება ბუნებრივ გაზზე და ხაზი გაუსვა მწვანე ენერგეტიკის აუცილებლობას.
როგორც Europetime-თან საუბარში ვალერი ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, გლობალურად და სტრატეგიულად, რა თქმა უნდა მწვანე ენერგიაზე გადასვლაა საჭირო, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, უნდა გაკეთდეს ევროპის ბაზარზე გაზის მიწოდების რეალური დივერსიფიცირება.
„რაც შეეხება რეალურ დივერსიფიცირებას, აქ არის ორი ძირითადი საშუალება. პირველი, მე ვფიქრობ, რომ დივერსიფიცირების ყველაზე სერიოზული შესაძლებლობა არის ტრანსკასპიური გაზსადენი, რომლის რეალობაც არის გაცილებით ხელშესახები კასპიის ზღვის კონვენციის 2014 წელს ხელმოწერის შემდეგ. სხვათაშორის კასპის ზღვის ყველა ქვეყანა რუსეთის ჩათვლით მოახდინა მისი რატიფიცირება ირანის გარდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ირანი მთავარი მოთამაშე არ არის. ამიტომ რეალურად, ტრანსკასპიური გაზსადენის ამოქმედებით შესაძლებელი იქნება დამატებითი რამდენიმე მილიარდიკუბური მეტრი გაზის მიწოდება ევროპული ბაზრისთვის, რაც არის საკმაოდ დიდი რაოდენობა. რა თქმა უნდა, აქედან საქართველოც ძალიან ისარგებლებს. სატრანზიტო გადასახადის სახით, სხვა სიკეთეებზე აღარ ვსაუბრობთ დიდი ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მივიღებთ.
მეორე გზაა, თხევადი გაზის მიწოდების სისტემების გამართვა, ანუ მეტი შესაბამისი გათხევადების სადგურების პოტენციალის შექმნა ევროპაში. დღეს თხევად გაზზე ძირითადი მოთხოვნა არის აზიაში. თხევადი გაზის ძირითადი ნაწილი, სწორედ იქ მიდის, მაგრამ შედარებით მეტი ფასის შეთავაზების პირობებში, რა თქმა უნდა, ევროპისკენ გადამისამართება შესაძლებელია. თხევადი გაზის ძირითადი სამი წყაროა. ეს არის ჩრდილოეთ აფრიკა, არაბეთის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები. ეს მეორე შესაძლებლობაა, რომელზეც ევროპამ უნდა იმუშაოს, რომელიც პრაქტიკულად ჩვენ გვერდს გვივლის და უშუალოდ ევროპასა და მის პარტნიორებს ეხებათ.
მესამე გზას რაც შეეხება ეს არის საკმაოდ პერსპექტიული საბადოები, რომელიც ისრაელმა აღმოაჩინა თავის ტერიტორიაზე. ისრაელ სერიოზულ პროექტებს აყალიბებს. როგორც ექსპერტები საუბრობენ, ისრაელი ამ საბადოებზე დიდი რაოდენობით გაზის მოპოვებას შეძლებს. შესაძლებლობა გაჩნდება ევროპას დიდი რაოდენობით მიაწოდოს გაზი. იმიტომ რომ გეოგრაფიულადაც არ არის რთული ისრაელიდან ევროპაში გაზის მიწოდების ქსელის აწყობა.
მე ძალიან მიკვის რომ კასპიის კონვენციის ხელმოწერის დღიდან ევროპა თურქმენული გაზის ათვისების მიმართულებით პასიურობს. ამ კონვეციაში არის სპეციალური მუხლი რომელიც უშვებს ნებისმიერი ორი ქვეყნის მხრიდან პროექტების განხორციელებას კასპიის ზღვის ფსკერზე. ეს საკითხი ეხება მარტო აზერბაიჯანს და თურქმენეთს. ამით ორივე ქვეყანა იგებს. თურქემენთი, რომელიც ევროპულ ბაზარზე წვდომას იღებს, ყველაზე მომგებიან ბაზარზე. იმ ბაზართან შედარებით სადაც ახლა თურქმენეთი გაზს აწვდის. თურქმენეთი ახლა თავის ძირითად რესურს ჩინეთს აწვდის დ ასევე რუსეთს . აზერბაიჯანი მწარმოებლის გარდა ტრანზიტური ქვეყანა ხდება და აქედანაც შესაბამის მოგებას მიიღებს. აღარ ვსაუბრობ საქართველოს მოგებაზე და რაც მთავარია ევროკავშირის სარგებელზე . ამიტომ ეს ფაზლი ისე იკვრება რომ მე ძალიან მიკვირს ამ მიმართულებით აშშ-ის და ევროკავშირის ენერგოდიპლომატია რატომ არის ასეთ პასიური“, - განუცხადა Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა.
საქართველოს როლი და პოტენციალი ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის ჯაჭვში
Europetime-თან საუბარში ენერგოუსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი გიორგი ჭაღიაშვილი განმარტავს, თუ რა აფერხებს „სამხრეთ დერეფნის“ მაგისტრალური გაზსადენით თურქმენული გაზის ევროპაში ექსპორტს და ალტერნატიულ პროექტზე საუბრობს, რომელიც ევროპას მწვანე ენერგიაზე გადასვლაში დაეხმარება.
ენერგოანალიტიკოსი თურქმენეთიდან გაზის ექსპორტის ნაცვლად, თურქმენეთში ელექტროენერგიის წარმოებასა და ევროპაში პირდაპირ ელექტროენერგიის ექსპორტზე საუბრობს.
მისი თქმით, იგივე შეიძლება გაკეთდეს გაზის მომპოვებელ სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად ყაზახეთში ან აზერბაიჯანში.
„როგორც ვიცით ევროპა შესყიდული გაზის 65-70%-ს ძირითადად მოიხმარს ელექტროენერგიის წარმოებისათვის. 21-ე საუკუნეში კი მაგისტრალური გაზსადენის მაგისტრალური ელექტროსადენებით ჩანაცვლება რთული არ არის. მით უმუტეს, უფრო უსაფრთხო, იაფი და სწრაფი საშუალებაა ერთი წერტილიდან მეორე წერტილში მივიყვანოთ ელექტროენერგია. თანამდეროვე ტექნოლოგიებში კი უხვადაა ახალი სრულყოფილი კაბელების წარმოება, მათ შორის წყალქვეშა კაბელების წარმოება და სხვა მეტად საიმედო ტექნოლოგიები“, - აღნიშნავს ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი.
როგორც Europetime-ს გიორგი ჭაღიაშვილმა განუცხადა, ნორვეგია საქართველოსთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომ შავი ზღვის ფსკერზე, ფოთიდან ბულგარეთის ქალაქ კონსტაცამდე, დიდი გამტარობის ელექტროსადენები გასულიყო, თუმცა ეს სულ სხვა პროექტის ფარგლებში.
„მაგრამ თუ ეს პროექტი განხორციელდა და დიდი გამტარობის ელექტროგადამცემი ხაზი აეწყობა შავი ზღვის გავლით, ბულგარეთამდე, მერე ევროპის სხვა ქვეყნების დაერთება ამ ხაზზე პრობლემა არ იქნება. შესაბამისად გამარტივდება კასპიის ზღვის ფსკერზეც იგივე მაგისტრალური ელექტროსადენების გაყვანა, რაც შესაძლებელს გახდის ამ მაგისტრალურელექტროსადენს მიებას ის პროექტი, რომელზეც ვსაუბრობ - თურქმენეთში ადგილობრივი გაზით ელექტროენერგიის წარმოება და ამ ელექტრო ენერგიის ექსპორტი ევროპაში. ელექტროსადგურების აშენება და ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა, გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე მაგისტრალური გაზსადენის. თანაც უფრო ნაკლები დრო სჭირდება ელექტრო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ვიდრე გაზის.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ენერგიების ასოციაციას“, გაფორმებული აქვს მემორანდუმი ნორვეგიულ კომპანიასთან, რომელიც წყალქვეშა ელექტროსადენებს აწარმოებს. სწორედ ამ ორგანიზაციის ინიციატივა იყო შავ ზღვაში სადენების გაყვანა. პროექტის პრეზენტაციას პირადად ვესწრებოდი. მოგვიანებით საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ამ პროექტის განხორციელება აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შესთავაზა, თუმცა აზერბაიჯანული მხარე ამით დიდად არ დაინტერესდა.
პროექტი ამ ეტაპზე შეჩერებულია, რადგან შავი ზღვის ფსკერის კვლევაა საჭირო, რასაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი სჭირდება. სწორი პოლიტიკის და საკმარისი აქტივობის შემთხვევაში, ამ პროექტისთვის ინვესტორის პოვნა არ გაჭირდება. ვხედავთ რომ ევროპაში გაზის დეფიციტია. თუ შავი ზღვის ფსკერზე ეს ელექტროსადენები გავა, გაცილებით მარტივი იქნება იმ პროექტის მიბმა, რაზეც ვსაუბრობთ და საქართველო კიდევ უფრო დიდ სატრანზიტო მნიშველობას შეიძენს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლით.
ევროპელი ლიდერები რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად უკვე აქტიურად საუბრობენ მწვანე ენერგიაზე გადასვლაზე. თუ გაზით ელექტრონერგიის წარმოება ევროპის ტერიტორიაზე არ მოხდება და სხვა ქვეყანაში წარმოებულ ელექტრო ენერგიას შეიძენენ, ესეც მწვანე ენერგიის ნაწილად ჩაითვლება, რადგან ევროპის ტერიტორიაზე გამონაბოლქვის გარეშე მიიღებენ სუფთა ენერგიას.
რაც შეეხება თურქმენული გაზის სამხრეთ ნაკადზე დაერთებას, ახლო წარსულში, სამხრეთის დერფანს უნდა ჰქონოდა განვითარების სხვადასხვა ფაზა და მას ხან ნაბუქოს, ხან ტანაპის, და ხან სამხრეთის ალტერნატიულ მარშრუტს ეძახდნენ, რასაც გაზის მიწოდების უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა ევროპის სიღრმეში და ის განიხილებოდა ევროპაში ალტერნატიული გაზის მიწოდების წყაროდ, თუმცა აღნიშნული გაზსადენის სრული დატვირთვა დღემდე ვერ მოხერხდა, რადგან 1– აზერბაიჯანის საბადოებს არ გააჩნიათ იმის მაქსიმალური პოტენციალი რომ მილსადენი სრულად დატვირთულიყო (30–31 ტრლნ მ3 წელიწადში) ; 2) აუცილებელი იყო და არის მას მიუერთდეს ყაზახეთის ან თურქმენეთის გაზის მაგისტრალური მილსადენები და მათივე გაზით დაიტვირთოს ქსელი; საგულისხმოა ის ფაქტიც რომ, ყაზახეთის მილსადენების და ზოგიერთი გაზის საბადოც ისედაც გაზპრომის კუთვნილებაა, ხოლო თუქმენეთის გაზის საბადოდან გაზის მიწოდება სამხრეთის დერეფანში ყაზახეთის გავლის გარეშე წარმოუდგენელია. აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ რუსეთი და ყაზახეთი ცალკე ეკონომიკური კავშირის წევრები არიან და მათ ინტერესებში ისედაც, ეკონომიკურად არ შედის სამხრეთის ნაკადის სრული დატვირთვა.
ამჟამად სამრეთის ნაკადი 50%-მდეა დატვირთული და მასში გადის 16 მლრდ მ3 გაზი წელიწადში სადაც 6.6 მლრდ მ3 ს თურქეთი მოიხმარს, ხოლო 10 მლრდ ევროპაში გაედინება, ეს იმით არის განპირობებული რომ, გაზის საბადოებს დამუშავების სტადიებიდან გამომდინარე დამატებითი რესურსი შეზღუდული აქვს. ელექტროენერგიის თურქმენეთში წარმოებას და მის ექსპორსტ ვფიქრობ გაცილებით ნაკლები დაბრკოლება შეექმნება თუნდაც ყაზახეთისგან“, - განმარტავს ენერგოუსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი გიორგი ჭაღიაშვილი Europetime-თან საუბრისას.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის აღამასრულებელი საბჭოს წევრის განცხადებით, იმისთვის რომ ევროპამ რუსეთს ენერგობერკეტი ხელიდან გამოაცალოს, მან რეალურად უნდა იმუშაოს დივერსიფიცირების რეალური ვარიანტების განვითარებაზე.
ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, ამ პროცესში ქართული მხარეც უნდა იჩენდეს ინიციატივას საკუთარი სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად, რაც შემდგომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას გაზრდის.
„მე ვფიქრობ ეს საკითხი საქართველოს ენერგოპოლიტიკის დღის წესრიგშიც უნდა იყოს. ისეთ პროექტზე, სადაც ჩვენი სარგებელიც იკვეთება, ჩვენც უნდა ვიაქტიუროთ. აშშ-ის და ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრებზე, ჩვენი მხრიდან მუდმივად პედალირება უნდა ხდებოდეს. ჩვენი დღევანდელი მწვავე პოლიტიკური კრიზისის პირობებში, ალბათ ამისთვის არავის არ სცალია და არავინ არ ფიქროს. არადა ეს შეიძლება იყოს საქართველოს არა მხოლოდ ენერგოუსაფრთხოების, არამედ საერთოდ ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი.
ძალიან მიკვირს ამ ვითარების ირგვლივ ასეთი პასიურობა. იმედია მიმდინარე კრიზისის ფონზე, ევროპელები დაფიქრდებიან“, - განუცხადა Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა.