ხარკოველმა ბიზნესმენმა, რომელიც 26 ოქტომბერს მოწმის სახით ბერლინში გამართულ სასამართლო სხდომას ესწრებოდა, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ამოიცნო.
Deutsche Welle-ს ცნობით ბრალდებული რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
"მოწმემ ივარაუდა, რომ ბრალდებული რუსეთის სპეცსამსახურების პოლკოვნიკია. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მას არ წარმოუდგენია. მისი თქმით ეს არის მისი მეუღლის ნათესავი ვადიმ ნიკოლაის ძე კ.", - წერს გამოცემა.
ხარკოველმა ბიზნესმენმა ივლისში გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, არ არის დარწმუნებული, რომ მის წინაშე მისი მეუღლის ნათესავია. მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ მან აღიარა, რომ პროცესზე იცრუა, საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად.
ეთნიკური ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, ცეცხლსასროლი იარაღით, ბერლინის პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ხანგოშვილს რუსეთი ტერორიზმის ბრალდებით იძებდა. 2015 წელს საქართველოში მასზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგაც ბერლინში გაემგზავრა.
ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი ბერლინის პოლიციამ იმავე დღეს ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით დააკავა. პორტალ The Insider-ის თანახმად, „ვადიმ სოკოლოვი“ სინამდვილეში არის ფსბ-ს სტრუქტურებთან დაკავშირებული ვადიმ კრასიკოვი, რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ ინტერპოლით იძებნებოდა.