ლინკოლნ მიტჩელი აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაციის არჩევას საქართველოსთვის დადებით მოვლენად მიიჩნევს. ამერიკელი ექსპერტი რუსეთის ფაქტორსაც უსვამს ხაზს, რომლის მიმართაც, მიტჩელის თქმით, ბაიდენი ხისტი პოლიტიკით გამოირჩევა. ბაიდენის ამ პოზიციას, ლინკოლნ მიტჩელის აზრით, „დემოკრატებში რუსეთის მიმართ არსებული სიბრაზეც“ ამყარებს, რომელიც აშშ-ის, 2016 წლის არჩევნებში კრემლის როლმა გამოიწვია.
როგორი იქნება ბაიდენის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, არის თუ არა საქართველო ამ შემთხვევაში ამერიკისთვის დასაყრდენი რეგიონში საერთო სტრატეგიული ინტერესების განსახორციელებლად და გამოიყენებს თუ არა ბაიდენი ამ შესაძლებლობას, ამ საკითხების გარდა, Europetime ლინკოლნ მიტჩელს შიდა პოლიტიკაზეც ესაუბრა.
_ხომ არ გეჩვენებათ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა იქედან გამომდინარე, რომ პროცესი გაჭიანურდა.
ჩიხში არიან არა იმიტომ, რომ პროცესი შეფერხდა, არამედ იმიტომ, რომ ორივე მხარეს ძალიან მძაფრი პოზიციები აქვს და თვლის, რომ მართლები არიან.
მმართველი პარტიისთვის ასე დგას საკითხი - რატომ უნდა წავიდნენ რაიმე დათმობაზე - პასუხი მარტივია - უნდა დათმონ, რადგან ეს არჩევნები არ იყო იდეალური, ასეთ შემთხვევაში კი, მოლაპარაკებებისთვის გარკვეული სივრცე ყოველთვის არსებობს.
მაგრამ ყველაფერიც არ უნდა დათმონ, რადგან არჩევნები არც ისე საშინელი იყო, რასაც საერთაშორისო საზოგადოების დასკვნებიც მოწმობს, ამიტომ, მთავრობას უბრალოდ არ სჯერა შეხედულების, რომ „ოპოზიციამ მოიგო და მმართველმა პარტიამ არჩევნები მასშტაბურად, ისე გააყალბა, რომ შედეგი სულ სხვა იქნებოდა“ და არც აპირებენ ამაზე მოლაპარაკებას, მაგრამ ეს არის ოპოზიციის საჯარო ნარატივი, რაზეც უარის თქმა არ შეუძლიათ.
ერთ-ერთი, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გააკეთონ, ისაა, რომ ჩაერთონ ქვეყნის მართვაში, რაც საკმაოდ რთულია, როდესაც მმართველ პარტიას ამხელა ძალაუფლება აქვს, თუმცა თუ ოპოზიცია ამას არ გააკეთებს, ან არც კი ეცდება, რომ გააკეთოს, რატომ უნდა მისცეთ ხმა მათ?! რომ შევაჯამოთ, საქმე გვაქვს ორ ძალზედ განსხვავებულ პოზიციასთან.
_თუ გავითვალისწინებთ დაძაბულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას,რომელიც ქუჩის საპროტესტო გამოსვლებს ბუნებრივია შეაფერხებს, რა მექანიზმები რჩება ამ შემთხვევაში ოპოზიციას?
ეს ჩემთვის მართლაც ყველაზე საინტერესო პუნქტია, ბოიკოტის გამო ოპოზიცია შესაძლოა, ჩამოშორდეს მთავრობის საქმიანობაში ჩართვას. თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება საქართველოში, ეს შეიძლება დესტაბილიზაციის საბაბიც იყოს. რა თქმა უნდა, ეპიდემიამ განსაკუთრებით ცუდი ფორმები არ მიიღო ბევრ ქვეყანაში, თუმცა არსებობს ამის პოტენციალიც. ოპოზიცია შესაძლოა, ამ სიტუციაზე ფიქრობდეს და უყურებდეს ისე, რომ - „თუ ეპიდსიტუაცია უფრო ცუდად განვითარდება და მთავრობა მის მართვას ვერ შეძლებს, შესაძლოა უფრო მომგებიან პოზიციაში აღმოვჩნდეთ, რათა შევძლოთ ხალხის მობილიზება დემონსტრაციებისთვის, როდესაც გაზაფხულიც მოვა და დათბება. არ ვამბობ, რომ ვინმეს იმედი აქვს ხალხის ინფიცირების, ან რაიმე მსგავსი მოხდება, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი როგორც საქართველოში, ისე აშშ-სა და მსოფლიოში ელოდება ვაქცინას.
თუ მისი მიწოდება დაიწყება მსოფლიო მასშტაბით, საქართველოს მთავრობას აქვს შანსი, აშშ-ს თან, ან ევროპასთან მუშაობით დაიწყოს ვაქცინის მიწოდება ქვეყანაში. ეს ნაბიჯი მათ მხარდაჭერას უფრო განამტკიცებს. ამიტომ, თუ ისინი მოკლე ვადებში მოიპოვებენ ვაქცინას და ყველაფერი ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა,ამან დროებით შესაძლოა გაანელოს კიდეც საპროტესტო მუხტი.
_ოპოზიცია მიიჩნევს რომ მოხდა არჩევნების გაყალბება, ხოლო, მიუხედავად მკაცრი შეფასებებისა ეუთო/ოდირის დასკვნა საბოლოო ჯამში არჩევნებს ლეგიტიმურად აფასებს, თქვენი აზრით, როგორი იყო ეს არჩევნები და შესაძლებელია თუ არა, რომ არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებით დასავლეთმა უბრალოდ რეგიონში ახალი დესტაბილიზაციის კერა აირიდა თავიდან?
თქვენს კითხვაში არის რაღაც სიმართლე - დასავლეთს არ სურს დესტაბილიზაციის კერა, თუმცა დავამატებ, რომ ეს დასავლეთს არასდროს სურს. დასავლეთს ყველაზე მეტად სტაბილურობა ჭირდება და ისინი ამისთვის ხშირად იყენებენ სიტყვას - დემოკრატია, დემოკრატიის განვითარება არის მთავარი, რაშიც სტაბილურობაც იგულისხმება.ასე რომ, დიახ, შესაძლოა, ეს ამის ნაწილიც იყოს. მეორე მხრივ, ემპირიულად რომ ვთქვათ, ეს არ იყო ისეთი ცუდი არჩევნები, როგორც ამას ოპოზიცია აცხადებს.
გარდა ამისა, საერთაშორისო დოკუმენტების უმრავლესობაში ნათქვამი იყო, რომ არჩევნებზე დაფიქსირდა ხარვეზები, მაგრამ მთლიანობაში, ნორმალურად ჩაიარა, მეც ნაწილობრივ ვეთანხმები მათ ამ განცხადებას, ამიტომაც, მტკიცებულებების გარეშე ვერ ვიტყვი, რომ ყარაბაღის პრობლემების გამო, ეუთომ რაღაც მხრივ დაინდო საქართველოს მთავრობა, ამის დიდად არ მჯერა.
_თქვენი აზრით, როგორი იქნება ბაიდენის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, ფიქრობთ თუ არა რომ საქართველო ამ შემთხვევაში ამერიკისთვის დასაყრდენია რეგიონში საერთო სტრატეგიული ინტერესების განსახორციელებლად? გამოიყენებს თუ არა ბაიდენი ამ შესაძლებლობას.
ბაიდენი ძალიან ჭკვიანია. მან დიდი დრო დაუთმო საგარეო პოლიტიკაზე ფიქრს, მასზე მუშაობას. ვიცი, ზოგიერთს უყვარს იმის თქმა, რომ „რესპუბლიკელები“ რუსეთის მიმართ მკაცრები არიან, თუმცა ბაიდენი რუსეთთან დაკავშირებით ყოველთვის ხისტი პოზიციით გამოირჩეოდა, რაც მას უბიძგებს იმისკენ, რომ უფრო პოზიტიურად იყოს განწყობილი საქართველოს მიმართ. ამასთან, „დემოკრატებში“ არსებობს გარკვეული ბრაზიც რუსეთის მიმართ 2016 წლის არჩევნებში მისი როლის გამო და ეს ფაქტი შეიძლება საქართველოსაც დაეხმაროს.
მე რომ თბილისში, საგარეო საქმეთა სამინიტროში ვიყო და ვიცოდე, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჩაუდგება ამერიკას სათავეში, ბედნიერი ვიქნებოდი, რადგან ვიცი, იქ არიან ადამიანები, რომლებთანაც შეგიძლია იმუშაო. თუ მის გარემოცვას გადახედავთ, (ჯეიკ სალივანი , ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მომავალი მრჩეველი), ენტონი ბლინკენი მომავალი სახელმწიფო მდივანი), ძალიან ჭკვიანი და საიმედო ადამიანები არიან, რომლებსაც ესმით საქართველოსი და ესმით რეგიონი. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან კარგი. ასე რომ, სასიამოვნოა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია იქნება აშშ-ის სათავეში.
_როგორ გესახებათ იდეა, რომ აშშ-მა შეიძლება, საქართველოში როტაციული ძალები გაზარდოს?
ეს საკითხი უფრო მეტად დამოკიდებულია ამერიკის შიდა პოლიტიკაზე, ვიდრე - საგარეოზე. ვეცდები, ახლა არსებული პერსპექტივიდან გიპასუხოთ. აშშ-ში ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარეობს, მოვუსმინოთ ბაიდენის გამოსვლებს: რაზე საუბრობს?! კოვიდზე, ეკონომიკაზე (რომელიც კოვიდის გავლენებს უმკლავდება), რასობრივ უსამართლობებზე (რომელიც აშშ-მდე ბევრად ადრე გაჩნდა მსოფლიოში) და კლიმატის ცვლილებაზე. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრობლემები, სამი საკითხი, რა თქმა უნდა, საშინაო პრობლემის ნაწილია, ხოლო მეოთხე, კლიმატის ცვლილება, როგორიც საშინაო, ისე საგარეო პრობლემაც არის. ამ ეტაპზე, აშშ-ის „მადა“ და რესურსები, რომელიც მოისაზრებს მისი ძალების გაფართოებას მსოფლიოში, არ იქნება ქვეყნისთვის აქტუალური. ეს არ ნიშნავს, რომ არ დაიცავს თავს კრიზისის დროს, ან მის მოკავშირეებს, როცა ამის საჭიროება იქნება.
ბაიდენი ოთხი წლის განმავლობაში იქნება პრეზიდენტი. პოტენციურად, შეიძლება - რვა წელიც. სამომავლოდ, ამას არ გამოვრიცხავდი, მაგრამ ამ ეტაპზე, აშშ ძალიან ფრთხილი იქნება მსგავს საკითხებთან მიმართებით. რუსეთს არ მოეწონება აშშ-ის მიერ ძალების განლაგება საქართველოში, თუმცა ესეც კი შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც ბაიდენმა გადაწყვიტოს საქართველოში როტაციული ძალების გაზრდა. არ ვიცი ეს სვლა რამდენად შეიტანს დესტაბილიზაციას რეგიონში, ბაიდენს რუსეთის არ შეეშინდება და თავს არ შეიკავებს რამის გაკეთებისგან, იმ მიზეზით,რომ პუტინი არ გააბრაზოს.