"კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 მილიონამდე აცრა ჩატარდა და ანაფილაქსიური რეაქცია სულ რვა ადამიანს ჰქონდა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა პაატა იმნაძემ, ვაქცინაციის მარათონზე იმერეთში განაცხადა.
როგორც იმნაძე განმარტავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე ყველაზე რთული რეაქცია არის ანაფილაქსია, რომელიც შეიძლება იმართოს იქვე.
ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ხონის, ხარაგაულის, ზესტაფონის და სამტრედიის მოსახლეობას შეხვდნენ და ვაქცინაციის პროცესს დაესწრნენ.
„მსგავსი ტიპის შეხვედრებს ვატარებთ იმისათვის, რომ უშუალოდ შევხვდეთ ადამიანებს და მათგან მოვისმინოთ ვაქცინაციის რა ბარიერები აქვთ, გავრცელებულია ბევრი დაუდასტურებელი ინფორმაცია და ადამიანებს აინტერესებთ ავუხსნათ, რა არის ტყუილი და რა არის სიმართლე. მილიონი ჩვენი მოქალაქე უკვე აცრილია და არავითარი რისკი არ არსებობს. ყველაზე საფრთხილო რაცაა, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც შეიძლება იმართოს იქვე და ასეთი შემთხვევა 2 მილიონ აცრაზე სულ 8 იყო. ვაქცინის გარეშე, სამწუხაროდ, ვერ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, ერთადერთი გზა არის მოსახლეობის ვაქცინაცია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
26 ოქტომბერს მხოლოდ 4 878 ადამიანი აიცრა. უკვე ერთი კვირაა საქართველოს რეგიონებში ყოველდღიურად ვაქცინაციის მარათონი ეწყობა.
ერთ თვეზე მეტია, დღიური აცრის მაქსიმალური მაჩვენებლი 6000-ს არ ცდება.
27 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 961 165 აცრა.
1 დოზით ვაქცინირებულია 1 029 260 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.2 %. სრულად ვაქცინირებულია 930 865 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.6%
4 337 ახალი ინფიცირებული, 42 გარდაცვლილი და ინფიცირების 50 681 მიმდინარე აქტიური შემთხვევა